Skip to content Skip to footer

კრაზანებიდან მცენარეებამდე – ინვაზიური სახეობების საფრთხე მსოფლიოსა და საქართველოში

ლოგისტიკა სასურსათო უსაფრთხოებისა და გლობალური ვაჭრობის საკითხებში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მასზე მიბმულია, როგორც წესი, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი. ასე რომ მისი სარგებლიანობა და შემოსავლიანობაც თვალსაჩინოა, თუმცა, აქვს უარყოფითი ეფექტიც, რაც, უპირველესად, ეკოლოგიას უკავშირდება. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი ტრადიციულ საწვავს მოიხმარს, რაც ჰაერის ერთ-ერთი უმსხვილესი დამბინძურებელია. მსოფლიო დიდი ხანია მსჯელობს ლოგისტიკის “გამწვანებაზე”, ანუ, გადაზიდვების (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო) სუფთა ენერგიაზე გადასაყვანად. კიდევ ერთი ეკოლოგიური რისკი, რაც ამ სექტორს უკავშირდება ინვაზიური სახეობების საფრთხეა. ეს კი პირდაპირ რისკებს ქმნის ბიომრავალფეროვნების ენდემური სახეობებისთვის.

“აგრო სიახლეების” გადაცემაში დეტალურად მოგიყევით, ენდემური ბიომრავალფეროვნების დაცვის პარალელურად,  საქართველოს სამუშაო აქვს ინვაზიური სახეობების შესაკავებლადაც. ექსპერტმა ბიომრავალფეროვნების საკითხებში აგვიხსნა, რომ ალპური მდელოები და ტყეები არის, ამ მხრივ, განსაკუთრებულად დაუცველი. მთავარია, არ დავუშვათ კლიმატის ცვლილების ისეთი სწრაფი სცენარით განვითარება, რომ ეკოსისტემებმა ვერ მოასწრონ ადაპტაცია და დაიღუპონ.

ისეთი აგრესიული სახეობა, როგორიცაა აზიური კრაზანა ფუტკარს საქართველოშიც დიდი ხანია ემტერება და თავსატეხად ექცა. ამ და კიდევ სხვა კლიმატურ პრობლემებზე მეფუტკრეობაში “აგრო სიახლეებმა” ცალკე გადაცემა შემოგთავაზათ.

ინვაზოიური სახეობების საფრთხეს ვერც ევროპა გაექცა. საერთაშორისო ტენდენციას, ამ საკითხზე, “ევრონიუსი მიმოიხილავს. ეს იმ სატვირთო გემის ამბავია, რომელიც ევროპისკენ მიცურავს. კონტეინერის შიგნით ზის მწერი და მოთმინებით იცდის, სანამ ნაპირს მიადგება…რომ ბუდე გაიკეთოს.

ათასობით ასეთი უცხო სახეობა შემოვიდა ჩვენს კონტინენტზე ამ გზით შემთხვევით, ზოგიც მიზანმიმართულად შემოიყვანეს. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ისინი უბრალოდ იპყრობენ გარემოს და საფრთხეს უქმნიან ეკოსისტემასა და ეკონომიკას?

აი, ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში. ჩვენს მოგზაურობას საფრანგეთიდან ვიწყებთ.  ამ მწერს ყველა ცნობს: ვესპა ვალუტინა –  იგივე აზიური კრაზანა.

ამ კრაზანებს, სავარაუდოდ, ერთი წინაპარი ჰყავთ: დედოფალი, რომელიც 2004 წელს ჩაძვრა ფრანგი მებაღისთვი ჩინეთიდან ჩამოტანილ ქოთანში. მას შემდეგ ამ მწერმა დაიპყრო მთელი საფრანგეთი და ევროპის ნაწილი.

ასეთი მწერების ერთი კოლონა წელიწადში დაახლოებით 11 კილო მწერს იღებს საკვებად. საფრანგეთში აზიურმა კრაზანამ, სავარაუდოდ, ფუტკრების მესამედი გაანადგურა.

„კრაზანები ტოტზე ცოცდებიან, ფუტკარს თავს აგლეჯენ და აგდებენ, მხოლოდ კუნთოვან მასას იტოვებენ, რათა პროტეინით გამოკვებონ ლარვა. ეს კრაზანა ზუსტად ისეთივე პრობლემად იქცა  მეფუტკრეებისთვის, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, მონოკულტურა, პესტიციდები და პარაზიტები“, – ამბობს მეფუტკრე ალან ვაიო.

კრაზანის ეფექტი რომ შეარბილონ, საფრანგეთის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას,  შეატყობინოს, სად არის კრაზანის ბუდე, რომ სისტემატურად გაანადგუროს ის. ეს საქმიანი კაცი მკვლევარი ერიკ დარუზეა, აზიური კრაზანის ექსპერტი. მას კერძო სახლში შევხვდი, სადაც კრაზანას ბუდე ჰქონდა.

ტურის უნივერსიტეტის  ლაბორატორიაში  მეცნიერი ერიკ დარუზე კრაზანების დაჭერის ახალ სისტემაზე მუშაობს. ეს სისტემა ნივთიერება ფერომონს ემყარება, რომელსაც მწერები საფრთხეში ყოფნის დროს გამოყოფენ.

ერიკ დარუზე, ტურის უნივერსიტეტის მკვლევარი:

„თუ  სწორედ და ეფექტურად ვიმუშავებთ, შეგვიძლია, კრაზანების პოპულაცია იმ დონემდე შევამციროთ, რომელსაც მე „სოციალურად მისაღებ“ დონეს ვუწოდებ. შესაბამისად, მათი გავლენა სოფლის მეურნეობაზე,ე მეფუტკრეობაზე, სხვა ეკონომიკურ სექტორებზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობასა და ბიომრავალფეროვნებაზე გაცილებით შეზღუდული იქნება“.

თუმცა მკვლევარს ისიც სჯერა, რომ ევროპაში ამ სახეობის სრულად განადგურებისთვის უკვე ძალიან გვიანია. მხოლოდ პოვნაა შესაძლებელი.

„ახლა უკვე სხვა სახეობებიც შემოდიან. უკვე გვხვდება Vespa orientalis – აღმოსავლური კრაზანა, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში, მარსელის მახლობლად გაჩნდა,“ -განმარტავს ერიკ დარუზე. „ესპანეთში, მადრიდის რეგიონში, შეამჩნიეს ე.წ.  Vespa Soror ანუ სამხრეთული გიგანტური კრაზანა. ვისწავლეთ კი საკმარისი კრაზანა Vespa velutina-სგან, რათა შესაბამისი ნაბიჯები გადაგვედგა აღმოსავლური კრანაზნის წინააღმდეგ? რას ვსწავლობთ ისტორიიდან? იმიტომ, რომ, თუ დროულად არ ვიმოქმედებთ, ეს სახეობები მთელ ევროპას დაიპყრობენ“.

აზიური კრაზანა იმ 88 უცხოურ ინვაზიურ სახეობათა შორის ირიცხება, რომლებიც ევროკავშირს ძალიან აფიქრებს. მათ შორის 41 მცენარეა და 47 ცხოველი. ევროკავშირის რეგულაციები შეზღუდვებს აწესებს, მაგალითად, ვაჭრობაზე და წევრი სახელმწიფოებისგან ითხოვს შესაბამისი ზომების გატარებას.

ესპანეთის სამხრეთისკენ გავემართეთ, სადაც კიდევ ერთი სახეობა ქმნის პრობლემას. ეს სახეობა წყალქვეშ ცხოვრობს და სახელად  Rugulopteryx okamurae ჰქვია…ეს ზღვის წყალმცენარეც აზიიდან შემოვიდა. ზაფხულობით წყალმცენარე მთლიანად ფარავს ქვიშას. და მისი გაწმენდა გადასახადების გადამხდელებს ძალიან ძვირი უჯდებათ.

ქალაქ კადისის ცნობილი პლაჟიდან ქალაქის მესვეურებმა 300 ტონაზე მეტი წყალმცენარე გაიტანეს 2024 წელს. ადგილობრივებსა და ტურისტებს მაინცდამაინც არ მოსწონთ ეს წყალმცენარე. ესპანეთში ეროვნული სტრატეგია შეიმუშავეს, რათა აკონტროლონ ეს წყალმცენარე, რომელიც თევზაობასაც დიდ ზიანს აყენებს.

„ორი საათი ვიყავით ზღვაში. მეტხანს ვეღარ დავრჩით, რადგან ბადე წყალმცენარით გაივსო. არ ვიცი, საიდან მოდის ამდენი, მაგრამ ეს გაგვაკოტრებს“, – ამბობს მეთევზე პორტში. „როდესაც ბადე წყალმცენარით ივსება, თევზი მას გვერდს უვლის. ხედავს ბადეს და უკან ბრუნდება. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ზღვის ფსკერი სავსეა წყალმცენარით. ამიტომ თევზი ვეღარ იკვებება და სხვაგან მიდის საკვების მოსაპოვებლად“.

და, აი, მთავარ პრობლემასაც მივადექით: ეკოსისტემა ერთგვაროვანი ხდება. ენდემური მცენარე მომაკვდავს ჰგავს.

მანუელა ლეალი, მეთვეზე, ორგანიზაცია OPP72-ის პრეზიდენტი:

‘წყალმცენარე ცხრილავს ზღვის ფსკერს და ანადგურებს ბუნებრივ ჰაბიტატს, ამიტომ თევზი ძალიან ცოტაა. თევზი რომ იაფი ღირდეს, აღარც კი იქნებოდა მომგებიანი სათევზაოდ გასვლა“.

უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ წყალმცენარემ ფეხი მოიკიდა. პირველად ის 2015 წელს შენიშნეს გიბრალტარის მახლობლად. შემდეგ შეამჩნიეს მარსელთან, პალერმოსთან და ბასკების მხარეში.

ალეხანდო ბერნალ–იბანესი, ზღვის ეკოლოგი ორგანიზაცია IFAPA –დან ფიქრობს, რომ ამ სახეობებს ისეთი ინვაზიური პოტენციალი გააჩნიათ, როგორიც ალბათ არასდროს გვინახავს აქამდე.

მეცნიერები ცდილობენ, ამოხსნან ამ მცენარის ელვის სისწრაფით გავრცელების საიდუმლო –  და საკმაოდ პესიმისტურად არიან განწყობილი.

„მას კონკურენტი არ ჰყავს. არ არსებობს ცნობები არც რომელიმე ბალახისმჭამელზე,  რომელსაც შეუძლია აკონტროლოს წყალმცენარის ეს სახეობა. 10 წელზე ნაკლებ დროში ეს მცენარე სულ სხვადასხვა გარემოში გავრცელდა და ჯერჯერობით ვერაფერი აჩერებს“, – განმარტავს ალეხანდრო.

ანდალუსიის რეგიონული მთავრობის მკვლევრები სწავლობენ იმ სახეობებს, რომლებიც ამ წყალმცენარით იკვებებიან, მათ შორის, მაგალითად, ამ ზღვის ზღარბებს, რათა ამ წყალმცენარის მართვისთვის ზუსტი მონაცემები მოიპოვონ.

„ჩვენ გვჭირდება ცოდნის შეძენა, რათა ამ წყალმცენარის  შემდეგი გავრცელებისთვის უკეთ მოვემზადოთ,“ – ამბობს ალეხანდრო. „ეს პირველად არ გავრცელებულა და, როგორც ჩანს, ამ გლობალური ცვლილებების ეპოქაში არც უკანასკნელი იქნება. ახლა საჭიროა, ერთად ვიმუშაოთ და ერთმანეთს ინფორმაცია გავუზიაროთ, რათა უკეთ მივხვდეთ, რაშია საქმე ამ წყალმცენარესთან დაკავშირებით“.

ამ წყალმცენარის ბაზარზე გატანა  ჯერჯერობით აკრძალულია. თუმცა ევროპული პროექტის ფარგლებში უკვე ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება ამ უხვი ბიომასის გამოყენება.

„ჩვენ ვაპირებთ, შევაფასოთ, რამდენად ვარგისია ეს მცენარე როგორც იმუნოსტიმულატორი და შემდეგ მივაწოდოთ თევზსაშენს თევზების საკვებად, რათა გაუმჯობესდეს მათი იმუნიტეტი და მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ დაავადებას“, – განმარტავს მარიან პონსე გარსია,  IFAPA -ის მკვლევარი.

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი ამ მხრივ განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.