„რუსული კანონის“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) ხელახლა გააქტიურების ფონზე მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ეროვნული ვალუტა რისკის ქვეშ დადგა მკვეთრი ვარდნა ლარმა 15 მაისიდან დაიწყო და 28 მაისს, აშშ დოლართან მიმართებით 2,8-იან ნიშნულს გადასცდა.
ამ დღესვე მთავრობის მეთაურმა განცხადება გააკეთა და ლარის კურსის ვარდნა, ოპოზიციისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდან დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, ერთი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას დააბრალა, რომელიც მისი თქმით ვერ განხორციელდა.
„ხედავთ, რომ აჟიტირებულია ჩვენი ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როცა გარკვეული ცვლილებაა ლარის კურსში. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი, იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება კანონით ამაზე საუბარი, მაგრამ იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები. ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როდესაც ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა. იმდენად უსუსურია ხოლმე ეს გათვლები, რომ წინასწარვეა განწირული წარუმატებლობისთვის. ლოგიკური დასკვნა შეიკრა, იყო ხელოვნური დაწოლა ლარზე, იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები სცენაზე გამოიყვანეს. ვინც ამას გეგმავდა, ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას, თუმცა როგორი უსუსურიც იყო გეგმა, ისევე უსუსურად დასრულდა“, – განაცხადა პრემიერმა.“ – ირაკლი კობახიძე.
28 მაისის შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ოპერაციებით კურსის დასტაბილურება მოხდა 2,78 ნიშნულამდე თუმცა ტრენდის დაღმავალი სვლა ვერ მოხერხდა და 2.56-2.71 გასული სამი კვარტლის დიაპაზონის აღდგენა ეროვნულმა ვალუტამ ვეღარ მოახერხა.
ამ ეტაპზე მთავრობის მეთაურს ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით მიზეზებზე აღარ უსაუბრია. მკვეთრი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ არც პროსამთავრობო ეკონომიკის ექსპერტებს.