Skip to content Skip to footer

ლაშა ბექაურმა ბოკვერი ზოოპარკში მიიყვანა – გარემოსდამცველები და ცხოველთა უფლებადამცველები კანონდარღვევაზე საუბრობენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, ავტომობილით მოძრაობს და გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება.

ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მსჯელობა მოჰყვა. გარემოსდამცველები და ცხოველთა უფლებადამცველები კანოდარღვევაზე ალაპარაკდნენ.

დღეს კი ბექაურმა იმავე გვერდზე (სოც.ქსელში)

როგორ აღმოჩნდა ცხოველი მასთან, ამ კითხვების დასასმელად, ბექაურთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, ჯერჯერობით მედიასთან ის არანაირი ფორმით არ კონტაქტობს. შესაძლოა, ის ატეხილი ხმაურის გამო არიდებს თავს მედიასთან ამ თემაზე საუბარს.

გუშინ ზოოპარკის დირექტორმა თქვა, რომ ზოოპარკი ახალი ბოკვერის მისაღებად მზად არა.

“ვერ გეტყვით, რომ მზად ვართ. მას დასჭირდება შესაბამისი პირობები. პატარა ბოკვერის ჩვენი ლომების ჯგუფში შეშვება არ არის მიზანშეწონილი, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ. მას ცალკე ვოლიერი დასჭირდება, რაც პატარა თანხებთან არაა დაკავშირებული”, – თქვა გუშინ ზურაბ გურიელიძემ.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის “სენის” წარმომადგენელი, ანა პეტრიაშვილი, სოციალურ ქსელში, სვამს კითხვებს, რომელიც ბოკვერის ზოოპარკში დაბინავების მიუხედავად, ბექაურთან მაინც აქვს საზოგადოებას:

“როგორ გადმოიყვანა საზღვარზე? ჰქონდა თუ არა ბოკვერის ყოლის ლიცენზია პირობები და სჭირდებოდა თუ არა ჩვენს ზოოპარკს საერთოდ დამატებითი ლომის ბოკვერი?” – ესაა კითხვები, რაც ანა პეტრიაშვილს აქვს.

“აგროგარემოს” დირექტორს, ნუგზარ სუარიძეს, ეს ფაქტით კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ საქართველოს საზღვრიდან როგორც შემოდის, ისევე გადის, სანქცირებული ტვირთები.

“იპოვნა და მიიყვანა?… გაირკვევა ეგეც, თუმცა ვფიქრობ ,,კანონშემოქმედს,, ძველი თარიღით გაუფორმებენ საბუთებს. ცოცხალი ცხოველის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული რეგულაციები, ვეტერინარული კეთილსაიმედობის დასკვნა, საკარანტინო დაყოვნების პერიოდი… და ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მკაცრია როდესაც ველური ბუნების სახეობებს ეხება… ძველი თარიღით გაფორმებული საბუთები კი ,,კანონშემოქმედს,, კანონდამრღვევად ჩათვლის საფუძველს მოუხსნის… ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ საქართველოს საზღვრიდან როგორც შემოდის, ისევე გადის სანქცირებული ტვირთები და საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში, ხელს უწყობს რუსეთს...” – წერს ნუგზარ სუარიძე სოციალურ ქსელში.

კანონის მიხედვით, ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა, შესაბამისი დოკუმენტიის გარეშე, სისხლის სამართლის დანაშაულია.

საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე კვარტა მუხლის თანახმად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ეგზოტიკური ცხოველი კი, კანონის მიხედვით, როგორც კლასიფიცირდება როგორც „ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილ გარეულ ცხოველები, რომლებიც ადგილობრივ პირობებში (კლიმატი და სხვა) არ ცხოვრობენ“.

აკრძალვა ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მობინადრე გარეულ ცხოველებზეც, მაგალითად, მგელსა და დათვზე, თუმცა, კანონი განსაკუთრებით მკაცრია და მომთხოვნი იმ ცხოველებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენს ზონაში არ ბინადრობენ და ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან შემოჰყავთ.

გარემოსდამცველები ამტკიცებენ, რომ ხშირად ასეთი ცხოველები კონტრაბანდულად შემოჰყავთ, რადგან კანონის დაცვით ასეთი ცხოველის ყიდვა თავისი დოკუმენტაციით, ძალიან გართულებულია.

“ლომის ბოკვერი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ კონტრაბანდული გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო”, – ამბობს ზურაბ გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი და ხაზს უსვამს, რომ გარეული ცხოველების ასეთ პირობებში ყოლა, მით უფრო, მანქანით სეირნობა აბსოლუტურად არ არის მიზანშეწონილი. გურიელიძის განმარტებით, ასეთი სახიფათო ცხოველი ტყვეობაში მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, თუ მას აქვს კონკრეტული დანიშნულება, ეს თუა კონსერვაციისთვის, სამეცნიერო მიზნებისთვის, რასაც ემსახურება ზოოპარკი.

სხვანაირად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, სახლში სათამაშოდ ჰყავდეთ გარეული ცხოველები”, – ამბობს ზოოპარკის დირექტორი და დასძენს, რომ ეს ცხოველისთვისაც და ადამიანისთვისაც ხშირად ტრაგიკულად სრულდება.

ზურაბ გურიელიძის განმარტებით, ველური ცხოველის შემოყვანაზე სპეციალურ ნებართვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო მას არ გაატარებს. ეს ასეა ზოოპარკებისთვისაც კი.

“როცა სიტას სერტიფიკატი გაიცემა, განსაკუთრებით კატისებრებზე, იქ იწერება მიზნობრიობა, თუ რისთვის ხდება ცხოველის შეყვანა, თუ რა არის ექსპორტის და იმპორტის დანიშნულება. ძირითადად ნებართვა გაიცემა არაკომერციული მიზნებით, მისი გაყიდვა აკრძალულია. მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით შეიძლება შემოყვანა. დანარჩენს რაც შეეხება, როგორ შემოიყვანეს და საიდან, ცხადია, მე არ ვიცი.” – ამბობს გურიელიძე და იქვე ხაზს უსვამს, რომ ბოკვერი თბილისის ზოოპარკის არ არის, რადგან იქ ლომების გამრავლება დიდი ხნის წინ შეაჩერეს.

“ბევრი ლომი გვყავს და არ გვინდოდა. სპეციალური ჩიპები არსებობს ამისთვის. გარდა ამისა, ჩვენ თეთრი ლომები გვყავს. ეს ჩვეულებრივი ლომის ბოკვერია. არ გამიგია, რომ საქართველოში ვინმეს ლომები ჰყავდეს, არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან პრინციპში, მხოლოდ ჩვენთან შეიძლება იყოს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პირობები, გვყავს სათანადოდ მომზადებული თანამშრომლები და ა.შ. ლომი არის ძალიან სახიფათო და ძლიერი ცხოველი”, – ამბობს ზურაბ გურიელიძე.

ცხოველთა უფლებადამცველები კი “აგრო სიახლეებს” ეუბნებიან, რომ ეგზოტიკური ცხოველების ყოლა რამდენიმე ათეული წელია აკრძალულია, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროიდან. ისინი ხაზს უსვამენ ამგვარი ცხოველების ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს და როგორც მეპატრონისა და საოზგადოების უსაფრთხოებას აყენებენ კითხვბის ნიშნის ქვეშ, ასევე ტავად ცხოველის უფლებებს, რადგან რაც არ უნდა კარგად უვლიდე ცხოველს, მისი უფლება მაინც დარღვეულია, რადგან დიდ სივრცეში ნებაზე ნავარდი, ველურ ბუნებაში ყოფნა, მისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაცაა და უფლებაც, რაც ცხოველის კეთილდღებოიბისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ეგზოტიკური ცხოველების ყოლა დაშვებულია:

  1. თუ ადამიანს ამ ცხოველის შესანახად სათანადო პირობები აქვს
  2. ცხოველი საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფთ.
  3. გარეული ცხოველი ქვეყანაში შემოყვანილია კანონის დაცვით

ორგანიზაციის „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის“ (საბუკო) დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილიც ადასტურებს, რომ გარეული ცხოველის საქართველოში შემოსაყვანად CITES-ის სერტიფიკატის ქონაა საჭირო, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. თუ ეს სერტიფიკატი არ გაცემულა, მაშინ ცხოველი კონტრაბანდული გზითაა შემოყვანილი, რაც 302-ე პრიმა მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს – 2-4 წლამდე პატიმრობას.

ირაკლი მაჭარაშვილის განმარტებით, ველური ცხოველის კერძო საკუთრებაში, საშინაო პირობებში ყოლა, რომ გამართლებული იყოს, უპირველესად ეს ცხოველი კანონიერად უნდა იყოს მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოპოვებისას სახეობას საფრთხე არ უნდა შეექმნას.

შეგახსენებთ, გარეული ცხოველების სახლში ყოლის ტრადიცია დამახასიათებელია არაბული ქვეყნებისათვის. ეს კულტურა ასევე ბოლო დროს დამკვიდრდა რუსეთშიც.

საქართველოში ეგზოტიკური ცხოველების ყველაზე მდიდარ კერძო კოლექციას ფლობს „ქართული ოცნების“ ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მის კოლექციაში არიან: სხვადასხვა სახეობის ზვიგენი, ზებრა, ირმები და სხვა. აქვე შეგახსენებთ, რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია (შესაბამისი ვიდეო მან საკუთარ ინსტაგრამზე თავად გამოაქვეყნა). შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, ბექაურმა ცხოველის ყოლისთვის გარკვეული პრივილეგიით ისარგებლა.

“აგრო სიახლეებმა” თავად ბექაურის გარდა, კითხვები გაგზავნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც და უშუალოდ გარემოსდაცვითი ზზედამხედველობის სააგენტოშიც. პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია. მასალას, მათგან პასუხების შემთხვევაში, განვაახლებთ.