სამცხე–ჯავახეთი ერთადერთი მხარეა საქართველოში, სადაც მოლუსკს მიირთმევენ. მესხეთში ლოკოკინის სეზონი იწყება მაშინ, როცა „ყინვა დაიჭერს“ და „პირველ დაქუხებამდე“ მთელი რეგიონი ამ უნიკალური დელიკატესის ძიებაშია. გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე ლოკოკინები მიწაში იძინებენ, ხოლო ასპინძისა და ადიგენის ფერდობებზე ადამიანები პატარა ნაფოტებითა და ხელებს შორის მუჭით მიწას ჩიჩქნიან — ზოგი სიამოვნებისთვის, ზოგიც შემოსავლისთვის. ერთი კილო კერძის მოსამზადებლად დაახლოებით 150 მოლუსკია საჭირო, ამიტომ მათი პოვნა არც ისე მარტივია. 150 ცალი 30 ლარად, 300-ი ცალი 50 ლარად იყიდება. ყველაზე ხშირად ტურისტები ინტერესდებიან. ნიჯგორის ფერდობებზე ლოკოკინები ბლომადაა. მას ადგილობრივები ხან ნაკვერჩხალზე წვავენ, ხან ხარშავენ. ამბობენ, რომ ამ მოლუსკისგან „ასნაირი კერძი მზადდება“. ლოკოკინა დღეს მესხური კულინარიის სიმბოლო ხდება. სამცხე–ჯავახეთში ლოკოკინა მხოლოდ საკვები არაა — ეს არის ტრადიცია, შემოსავალი, ბუნებასთან თანაცხოვრება და ისტორიის ნაწილი, რომელიც აუცილებლად შესანარჩუნებელია. ლოკოკინა გემრიელთან ერთად სასარგებლოც არის. მასში შემავალ ნივთიერებებში ერთი მესამედით მეტი ცილაა, ვიდრე ქათმის კვერცხში. შეიცავს ბევრ ვიტამინს, მიკროელემენტს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. გარდა ამისა, მას განახლება, გაცოცხლება ახასიათებს, რის გამოც ლოკოკინა კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება. ლოკოკინის სასწაულმოქმედი ლორწო აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება. ის ძალიან კარგად უმკლავდება ასევე დამწვრობებს, ნაწიბურებსა და პიგმენტურ ლაქებს.
ცნობისთვის, ლოკოკინის ფერმა შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და თანამედროვე მიმართულება ქართულ სოფლის მეურნეობაში
