ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366-დან 360 ადამიანამდე. ამის შესახებ აღნიშნულია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიაში”.
დოკუმენტის თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გარდაცვალების მაჩვენებელი, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში, შემცირებულია 0,36%-ით და შეადგენს 10.8%-ს.
რაც შეეხება, მაღალმთიან რეგიონებს, სადაც 2023 წელს, 2015 წელთან შედარებით, მოსახლეობის მატება დაფიქსირდა, ასეთია ქვემო ქართლის (8%), მცხეთა-მთიანეთის (4%) და აჭარის (5.4%) მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები. ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ყველაზე მეტად არის შემცირებული.
დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლიდან საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვის კლება შეინიშნება, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი არამაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უფრო შემცირებულია.