Skip to content Skip to footer

მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ხარაგაულის 2 სოფლიდან მოსახლეობა გაიყვანეს – ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როგორი კოორდინაცია მოგვცემდა მეტ ეფექტს? სად გვაქვს კრიტიკული სისუსტე? რას ვაკეთებთ და რას ვერ ვაკეთებთ სწორად?

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ამ 2 სოფელში მიწა რამდენიმე ადგილას რამდენიმე სანტიმეტრით გაიხსნა, შესაბამისი ვიდეომასალა ადგილობრივებმა 28 ივნისს სოციალურ მედიაში გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

მალევე ხარაგაულის მუნიციპალირეტის მერიამ მედიასაშულებებთან გააგზავნა პრესრელიზი, რომლითაც გვაცნობა, სოფლებიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო. მათივე განმატრტებით, მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით, მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი, სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს.

ხარაგაულის მუნიციპალირეტის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა მხოლოდ ის, რომ აღნიშნულ სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, პირადად მოინახულეს ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელი პირობები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდება, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს.

მოხდა 17 ოჯახის ევაკუაცია. ეს ის ოჯახებია, რომელთა საცხოვრებელ ზონებში მდგომარეობა კრიტიკულად სარისკო იყო, თუმცა დაზიანებულია ბევრად მეტი სახლი (დაახლოებით 30-მდე დათვლილი ჯერ-ჯერობით). სოფლებში დარჩენილი მოსახლეობა ელოდება გეოლოგიურ დასკვნას, რომლითაც უნდა გადაწყდეს გააგრძეწლებნ თუ არა საკუთარ სახლებში ცხოვრებას.

ამ ეტაპზე სოფლების შესასვლელები წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული და გამოკრულია აბრა, რომელზეც წერია, რომ იქ შესვლა სახიფათოა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყრული პროცესები ბოლო ორი კვირაა შეუქცევადად გრძელდება. ორი-სამი კვირის განმავლობაში აქ მოსახლეობა ყოველ დღე მიწაზე, სახლების კედლებზე, ახალ-ახალ ბზარებს ამჩნევდა. დამსკდარია მიწა და ნაპრალების სიღრმე მეტრსაც კი აჭარბებს.

ადგილობრივები მეწყრული ზონიდან საკუთარ გასაჭირზე საუბრობენ

“აგრო სიახლეები” დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, რომლის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ინგა ბერაძემ, ზარზე არ გვიპასუხა, თუმცა, მოგვწერა, რომ “სტიქიური პროცესების ზონაში ვითარება ყოველდღიურად კონტროლდება. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს გეოლოგების ჯგუფი, რომლებიც ახორციელებენ მიწის სტრუქტურის შესწავლას და ნაპრალების დაკვირვებას. მოსახლეობა, რომლის საცხოვრებელი სახლებიც მეწყრის უშუალო საფრთხის ქვეშ მოექცა, უკვე გაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიაზე. მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფს მერია . დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღება სპეციალისტების საბოლოო რეკომენდაციებზე დაყრდნობით.”

დავუკავშირდით გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც, რომლის წარმომადგენელმა ნატა სულუაშვილმა გვითხრა, რომ დაგვირეკავდა განახლებული ინფორმაციითა და ბოლო ცნობებით

დარეკვით არ დაურეკავს, თუმცა, ცოტა ხანში მოგვწერა ის, რაც მასთან დარეკვამდე ისედაც ვიცოდით: “სააგენტოს სპეციალისტები პროცესების განვითარების დღიდან ადგილზე იმყოფებიან და აფასებენ რისკის ზონაში ოჯახებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. მათ მიერ ადგილზეც გაიცემა რეკომენდაციები და მზადდება შეფასებები, რომელიც ეგზავნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შემდგომი რეაგირებისთვის.

ვერ მივიღეთ პასუხები კითხვებზე:

დაახლოებით როდისთვის, რამდენ ხანში იქნება გეოლოგიური დასკვნა?

სიტუაციის სწრაფად გაუარესების შემთხვევაში, რაც მეწყრული პროცესისთვის ბუნებრივია, რეაგირების რა მექანიზმები და გეგმა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას?

თუ ნაპრალები და ბზარები 2-3 კვირის განმავლობაში ჩნდებოდა და იზრდებოდა, სააგენტომ და ადგილობრივმა მთავრობამ სტიქიისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად რა ღონისძიებებს მიმართა?

როგორ უნდა იქცეოდეს ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელობა? ცენტრალური და ადგილობრიოვი ხელისუფლების როგორი ურთიერთქმედება მოგვცემდა მეტ ეფექტს ასეთი შემთხვევევის დროს? – ამ კითხვით გარემოსდამცველებსა და თვითმმართველობის სპეციალისტს მივმართეთ.

გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ეკოლოგიის დოქტორი, აქტიური გარემოსდამცველი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი “აგრო სიახლეებს” ეუბნება, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხარაგაული მაღალი რისკის მეწყერსაშიშ ზონად იდენტიფიცირებული აქვს და წესით ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა ყოფილიყო. ამისთვის არსებობს სპეცუიალური ტექნოლოგია, რომელიც ძვირადღირებულია და ეს ფუფუნება საქართველოს არ აქვს, თუმცა, სპეციალისტი ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებლობის ფარგლებშიც კი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ეკოლოგიური კატარსტროფების მზაობა-რეაგირების მექანიზმები სუსტია. ნიკო გაფრინდაშვილის აზრით, ხელისუფლება სათანადოდ ვერც კი აცნობიერებს რამხელა რიკთან აქვს ახლა საქმე ხარაგაულში, წიონააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, ორივე სოფელს მოსახლეობისგან მთლიანად დაცლიდა.

ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის, შეფასებით, ხარაგაულში ახლა სხვა ტიპის მეწყერთან გვაქვს საქმე, უფრო ტექტონიკური პროცესები მიდის, ანუ, ფილების, ქანების, მოძრაობა, თუმცა ამას ემატება ისიც, რომ არის მაღალი რისკის მეწყერსაშიში ზონა. ეს ყველაფერი კი, ჩხობაძის განმარტებით, სპეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს. როგორც ნინო ჩხობაძე “აგრო სიახლეებს” ეუბნება, ამ ეტაპზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რეაგირება ბევრად სწრაფი და მოქნილია, თუმცა, დამაკმაყოფილებელი მაინც არაა. ხარაგაულის შემთხვევამ, აჩვენა, რომ პირველადი გაფრთხილების სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს, არადა, ის ყველა მუნიციპალიტეტისთვის სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩხობაძის შეფასებით, არიან ერთეული მუნიციპალიტეტები, რომლებიც კრიზისებისთვის მზად არიან და რეაგირების გეგმაც აქვთ. მისივე თქმით, ხარაგაული, ონთან და ლეჩხუმთან ერთად, ამ მცირერიცხოვანთა შორისაა.

როგორც „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ამბობს, აუცილებელია მუნიციპალიტეტებში არსებობდეს შესაბამისი საშტატო ერთეულები, რომელსაც გავლილი ექნებათ სპეციალური ტრენინგები, სწავლებები და რომლებსაც უმფრო მჭიდრო და სწრაფი კავშირი ექნებათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხოლოდ ამგვარი კოორდინაციით, იქნება რეაგირებაც ბევრად ეფექტური, – ამბობს ნინო ჩხობაძე “აგრო სიახლეებთან”.

“აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს გამართული და ორგანიზებული, სისტემურად აწყობილი, გეოლოგიური სამსახური” – ამბობს “აგრო სიახლეებთან ნინო ჩხობაძე და იმასაც დასძენს, რომ თავის დროზე ამ სამსახურის გაუქმება დიდი შეცდომა იყო, რის შედეგსაც ქვეყანა ახლა იმკის. კიდევ ერთიც,რაზეც ჩხობაძე ყურადღებას ამახვილებს, ისაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფომ საბუნებისმეტყველო სფეროში სპეციალისტების გამოზრდა უნდა დაასტიმულიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ასეთ სწრაფად ცვალებად გარემოში (კლიმატური ცვლილება, გარემოსდაცვითი პრობლემები, ეკოლოგია, სტიქიური კატასროფები) პრობლემის დაძლევა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას, გაუჭირდება.

ხარაგაულში მეწყრის გააქტიურებას სპეციალისტების ნაწილი რიკოთის გზის მშენებლობას უკავშირებს. ერთ-ერთია გეოფიზიკის პროფესორი თეა გოდოლაძეც, რომელიც ხარაგაულის შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ეს ხდება ხარაგაულის რაიონში, რიკოთის გზაზე. ეს არის სოფელი ხემაღალი, იქვეა სოფელი ღვერკი, სადაც იგივე მდგომარეობაა. გუგლის რუკაზეც კი ცხადად ჩანს, რომ გზის მშენებლობისთვის ჩამოჭრილი ფერდების მიმდებარედაა მიწა მძიმედ დანაპრალებული. მითხრეს, რომ გეოლოგები იყვნენო და საშიშია აქ ცხოვრებაო. გზა ხომ გაიყვანეს ვითომ, ვითომ. ამ გაჭირვებული ხალხის ბედი ვის ადარდებს. ზარალი ვინ უნდა აანაზღაუროს, გზის გაყვანის გამო ეკომიგრანტებს რომ გახდი ადამიანებს. ამ კატასტროფის გარეშეც შეიძლებოდა გზის გაყვანა, მაგრამ აბა სალაფავი ვინ უნდა თქვლიფოს,” – წერს გოდოლაძე.

თვითმმართველობის მკვლევარი, მაგდა პოპიაშვილი, დარწმუნებულია, რომ მუნიციპალიტეტს შეეძლო უფრო აქტიური ყოფილიყო რიკოთის გზის მშენებლობის საწყის ეტაზე, თუმცა, დღეს ქვეყანაში, მისივე შეფასებით, ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლების ყველა სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურულ პროექტს იღებს, როგორც მოცემულობას. ის არაფერში წინააღმდეგობას არ უწევს ცენტრიდან მიღებულ “დავალება-დირექტივას”, არადა, პოპიაშვილის მტკიცებით, უნდა იყოს პირიქით. თვითმმართველობის მკვლევარი ხაზგასმით ამბობს, რომ ადგილობრივი მთავრობა უნდა იყოს თავისი მოსახლეობის, ადგილობრივი მოსახლეობის, პარტნიორი, მათი ინტერესების დამცველი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ უნდა იღებდეს ყველა გადაწყვეტილებას. საწინააღმდეგო პრაქტიკა, რომელიც ახლა საქართველოშია დამკვიდრებული, უნდა შეიცვალოს.

ხარაგაულის შემთხვევა, პოპიაშვილის შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში დეცენტრალიზაციის სერიოზული პრობლემაა.

რას გულისხმობს დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025? 👇

ქონებრივი გარანტიები სოფლებს, მოსახლეობის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კომპეტენციების ადგილობრივ დონეზე გადანაწილება და დეცენტრალიზაცია, საზოგადოებრივი თვითმმართველობების გაძლიერება სოფლებში, – ეს ირაკლი კობახიძის 11 წლის წინანდელი შეხედულებებია. ყველაზე ამბიციური სურვილით, ყველაზე მეტი უკუსვლა თვითმმართველობის რეფორმაში – “აგრო სიახლეებში”. 👇