Skip to content Skip to footer

მეხორბლეები კოტრდებიან, ალაზნის ველზე მოსავალი წყალშია – მარცვლის მწარმოებელთა ასოციაცია

მარცვლის მწარმოებელთა ასოციაცია “აგრო სიახლეებს” უხსნის, რომ მეხორბლეებს, შარშანდელის მსგავსად, პრობლემები არც წელს აკლიათ. ამ დროისთვის მთავარი გამოწვევაა ის, რომ ალაზნის პირზე ნათესები წყალშია და მოსავლის აღება ვერ ხერხდება, რადგან კომბაინები ვერ შედიან. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე ამტკიცებს ამ ლოკაციაზე სადრენაჟე სისტემა სრულად ამორტიზებულია და ინტენსიურმა წვიმებმა ხორბლის მოსავლის აღება ჭიანურდება. წინა წლების პრაქტიკას თუ გადავხედავთ ამ დროს ალოობა, ანუ ხორბლის მოსავლის აღება, დასრულებული იყო, ამ ეტაპისთვის, ფაქტობრივად, მოსავლის ნახევარზე მეტი ასაღებია დედოფლისწყაროსა და სიღნაღში.

ინტენსიური წვიმების გარდა, კახეთის რეგიონი არაერთხელ დაისეტყვა, რამაც მეხორბლეები დამატებით აზარალა, რის გამოც, ასოციაციის განმარტებით, ფერმერები კოტრდებიან. ზარალისა და ხარჯის ასანაზღაურებლად, ნიკოლოზ ბენიაიძის ტქმით, ზოგი მიწას ყიდის, ზოგი ტრაქტორს, ან საწყობს.

ფერმერებისთვის მთავარი გამოწვევა კვლავ ხორბლის ღირებულებაა, რაზეც გავლენას იმპორტირებული პროდუქტი ახდენს. როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, გასული 2 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბალი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაიყიდა და თუ მესამე წელსაც, ღირებულება არ გაიზრდება, ფერმერები საქმიანობის გაგრძელებას უბრალოდ, ვეღარ შეძლებენ.

რაც შეეხება ღირებულებას, ძირითადად, საქართველო ხორბლის ფასზე გავლენას ვერ ახდენს, რადგან იმპორტზეა დამოკიდებული. მოთხოვნის 80%-ზე მეტს იმპორტით ივსებს. წელს უფრო მეტად დამოკიდებული ვიქნებით უცხოური ხორბლის იმპორტზე, რადგან არ დაითესა ის რაოდენობა ფართობების, რაც შარშან. ამის მიზეზი, თავის მხრივ, ისაა, რომ შარსან ვერ გაყიდეს ფერმერებმა მოსავალი თვითღირებულებაშიც კი. შესაბამისად, წელს მოსავალი ნაკლები იქნება, შარშანდელთან შედარებით, – ეს ეჭვგარეშეა“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.

რაც შეეხება, სექტორში მთავრობის ძალისხმევას, მეხორბლეებისთვის ყველანაირი სტიმული აზრს მოკლებულია, როცა რეალიზაციის პრობლემას აწყდება და მოსავალი უფუჭდება.

“მთავრობამ გადადგა კარგი ნაბიჯები, შემოიღო იაფი სესხი, საწვავის სუბსიდირება, ტრაქტორის, კომბაინის, მაგრამ როდესაც თვითღირებულებაშიც ვერ ყიდი, ყველაფერი აზრს კარგავს. თუ ფასმა არ მომატა, ყველა გაკოტრდება. შარშან იყო 45 თეთრი, ახლა არის 53 თეთრი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს და გააჩნია მიდგომას“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე და ამატებს, რომ პრობლემებზე, სამინისტრომ და სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელს. შეთანხმდნენ კიდეც, რომ ამ ეტაპზე, ადგილობრივი ფერმერის გადასარჩენად, ხორბლის ოპტიმალური ფასი 70 თეთრია, რომელიც არც პურს გააძვირებს, არც კვერცხს და არც ხორცს.

“ესაა ის მინიმალური ფასი, რომ მეხორბლეები გადარჩნენ. ახლა თუ 15-20%-ს ვაწარმოებთ, შეგვიძლია გავზარდოთ 50%-მდე, ანუ, მეტი პოტენციალი აქვს ქვეყანას, მაგრამ ხდება პირიქით, შარშან 50 000 ჰექტარი დაითესა, წელს – 40 000 ჰექტარი. მოგიყვანთ თურქეთის მაგალითს: როგორც კი იქ მსგავსი პრობლემა დადგა, მაშინვე 130% დაუდგინეს იმპორტს ბეგარა, რომ ადგილობრივი მოსავალი გაყიდულიყო. ჩვენთან კი იმდენად დაბალი ფასი დაუწესეს იმპორტს, რომ ფერმერმა ვერაფერი იხეირა“,- ეუბნება ნიკოლოზ ბენიაიძე “აგრო სიახლეებს”.