“ახლა მეხორბლე ფერმერებისთვის სუბსიდია სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს იქნება ქვეყნის დოვლათის დაცვა. როგორც კი ამინდი 20 გრადუსამდე მიაღწევს ეს ხორბალი გადასაყრელი გახდება. სასწრაფოდ არის საპოვნელი გამოსავალი,” – ამის შესახებ “აგროგარემო TV-ის” “ქართული ხორბლის” წარმომადგენელმა ლალი მესხმა განუცხადა. მისი თქმით ამ პრაქტიკას მიმართავს ყველა ქვეყანა და საქართველომაც ეს გამოცდილება უნდა გაიზიაროს.
ცნობისთვის გასულ უქმეებზე (1-2აპრილს. 2023 წელი) კახელმა მეხორბლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც საკუთარ გასაჭირზე ყვებიან და დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ. 7 ფერმერი სრულიად საქართველოს მეხორბლეთა სახელით საუბრობს და განმარტავენ, რომ შარშანდელი დასაწყობებული მოსავალი უფუჭდებათ, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში არც ერთი წისქვილკომბინატები მუშაობს. ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლები დასაწყობებულ ხორბალს ვერ აბარებენ და უფუჭდებათ.
ცალკე პრობლემაა დაბალი ფასიც. მათი თქმით, ამ ეტაპზე 60-65 თეთრადაც კი უჭირთ ხორბლის გაყიდვა. ამით კი ხარჯის ანაზღაურებაც კი ვერ ხერხდება.
“წინა წლებში ამ დროს მარცვალი გასაყიდი აღარავის ჰქონდა. ახლა ყველა რეალიზაციის პრობლემაზე ჩივის. შარშან საწვავის ფასის ზრდის გამო დახვნის ხარჯი გაგვეზარდა, შხამ-ქიმიკატები გაძვირებულია, მუშახელისთვის გათვალისწინებული ხარჯიც ძალიან არის გაზრდილი. ამ ყველაფროს ანაზღაურებას 2 ტონა მარცვალიც კი არ ჰყოფნის. ქედის ურწყავ ტერიტორიაზე კი 2 ტონაზე მეტი სულ არ მოდის,” – ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი რესპონდენტი, მეხორბლე ფერმერი დედოფლისწყაროდან, პაატა ზვიადაური.
დასაწყობებულ ქერსა და ხორბალს ტილი უჩნდება. მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის რეალიზაციის პრობლემა 30-40 ათას ტონა ხორბალს აქვს.
ცნობისთვის, იმის გამო, რომ რუსულ ხორბალზე მაღალი მოსაკრებელია, ხოლო ფქვილი ამ ტიპის გადასახადისგან საერთოდ თავისუფალია, რუსული ფქვილი, ფაქტობრივად, უკონკურენტო გახდა და იმპორტიორებს ურჩევნიათ შემოიტანონ პირდაპირ ფქვილი. შედეგად: ხორბლის იმპორტი თითქმის განულდა, წისქვილკომბინატები გაჩერდა, ფერმერი კოტრების პირასაა, რადგან ქართულო ხორბლის, (რომელსაც რაღაც პროცენტულობით ურევდნენ წისქვილები ფქვილის დასამზადებლად) ჩაბარებაც შეჩერებულია. მალე უნდა დაიწყოს ახალი სეზონის ხვნა-თესვის სამუშაოები და იქამდე, ფერმერები თუ არ გაყიდიან დარჩენილ მოსავალს, ვერ შეძლებენ ფულადი რესურსის მობილიზებას და ვერ დათესავენ მოსავალს მომავალი წლისთვის, ვერ დაფარავენ კრედიტებს, რომელიც მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს.
მეხორბლეების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციებს მთავრობასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატი გამართავს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს, ფერმერთა სათათბიროს ინიციატივით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ოთარ დანელიასა და მარცვლეული კულტურების სექტორის წარმომადგენელ ასოციაციებს შორის, დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელიც ხორბლის იმპორტის შემცირების შედეგად გამოწვეულ საკითხებს ეხებოდა. შეხვედრაზე ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციებმა სამ პუნქტიანი შეთავაზება წარადგინეს,რომელიც მათივე განცხადებით, მისაღები იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი სექტორის და დარგში მომუშავე ფერმერებისთვის.
შეგახსენებთ, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას პურის ფასის შენარჩუნების გარანტია შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, დაწესდეს დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს გაათანაბრებს. მეტ დეტალს გაეცანით აქ ?