პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში პურის ფასი შემცირდება.
„პურის მწარმოებლებთან პირველადი საუბარი გვქონდა. ფქვილის ფასზე მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა და შესაბამისად, უნდა მოხდეს ასახვა პურის ფასებზე. საკითხის თაობაზე ოთარ შამუგია სექტორის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და პოზიტიური მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრის თქმით, გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე და საწვავზე.
პურის ფასთან დაკავშირებით განმარტება მოგვიანებით მინისტრმა შამუგიამაც გააკეთა. მანაც დაადასტურა მთავრობის მოლოდინი, რომ, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო პერიოდში, ხორბლისა და ფქვილის ფასი შემცირდა, რაც პურის ფასის შემცირების წინაპირობაა.
„ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და შეიძლება თქვას, განსაკუთრებით, ფქვილზე. ჩვენ გვქონდა პურის მწარმოებლებთან კომუნიკაცია და ველოდებით, რომ ფქვილის ფასების შემცირება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, უკვე აისახება პურზე და ჩვენ დახლებზე ალბათ, უახლოეს პერიოდში, კონკრეტული სახეობის პურზე, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს ვნახავთ,“ – განაცხადა მინისტრმა.
ინფორმაცია პურის მრეწველთა კავშირშიც დაადასტურეს და განმარტეს, რომ პური 10 თეთრით გაიაფდება, თუმცა რამდენ ხანში, ეს ვერ კონკრეტდება.
პურის მრეწველთა კავშირის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურის გაიაფების აუცილებელი პირობა ისიცაა, რომ მწარმოებელთა მხრიდან შემცირებული ფასით მიწოდების შემდეგ პური მაღაზიებმაც დაბალ ფასად უნდა გაყიდონ.
„შეიძლება მეწარმემ ფასი შეამციროს, მაგრამ მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ ქირაობენ ფართებს, ხარჯები აქვთ და ის თუ დააკლებს, ეგ არ ვიცით. ჩვენ 10 თეთრს რომ დავაკლებთ, შეიძლება იმან არ გამოხატოს ეს ფასში – ესაა აქ მტავარი პრობლემა“, – ამბობს დოლიძე.