Skip to content Skip to footer

მიწის გადაწვა სასტიკი ტერორისტული აქტია კლიმატისა და გარემოსთვის – რატომ არ უნდა გადავწვათ მიწა? – სპეციალისტების შეფასებები და რჩევები

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და დასჯადია, მაგრამ გაზაფხულზე მიწებს ხვნა-თესვისთვის ამზადებენ და, როგორც წესი, ზამთარში დაგროვენულ ზედმეტ ნარჩენებს ერთ ადგილას აგროვებენ და წვავენ.  ასეთია ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა, რომელიც, ხშირად უმართავ ხანძრად იქცევა ხოლმე.  მაგალითად, რამდენიმე დღის  წალენჯიხაში  25 სხვადასხვა ადგილზე ხანძარი გაჩნდა, დასახლებულ პუნქტთან საკმაოდ ახლოს. როგორც წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ბელქანიამ გვითხრა, ცეცხლის მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა იყო. უყურადღებოდ მიტოვებული ცეცხლი მოგვიანებით  ეკალ-ბარდებს მოედო. იმავე მიზეზით, მარტვილში ცეცხლი  სოფელ სალხინოშიც გაჩნდა. სოფელ ტალერთან კი ხანძარმა, 25 ჰა ჩაის პლანტაცია გადაწვა. როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, ტალერი-კურზუს საზღვართან შესაბამის სამსახურებს ცეცხლის ლიკვიდაცია ქარის გამო გაურთულდათ. კახეთში გადაიწვა ვენახებიც. ეს  ადამიანების დაუდევრობით გაჩენილი ხანძრების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. როგორც ბიომწარმოებელი ნიკოლოზ ბაგალიშვილი წნორიდან გვეუბნება, ყოველ გაზაფხულზე მიწის გადაწვის არაერთი შემთხვევაა, რაც დანაშაულია, თუმცა კანონის აღსრულება ქვეყანაში არ ხდება. მეურნის თქმით, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, არავინ ისჯება, დაუსჯელობის სინდრომი კი ამ მავნე პრაქტიკას კიდევ უფრო ახალისებს.

ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. ხშირად, ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების შემდეგ, ფერმერები განგებ წვავენ მცენარეულ ნარჩენებს, რათა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შემდგომი დამუშავებისთვის გაასუფთაონ. გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ სავარგულებზე ნარჩენების დაწვა მოსავლიანობას ზრდის, სინამდვილეში პირიქითაა, გადამწვარ მიწას ნაყოფიერება ეკარგება და ნაცარი, რაც გადაწვით რჩება, მიწისთვის იმხელა სარგებლის მომტანი ვერ ხდება, რა ზარალიც მას  მინერალების წვით ადგება. ცალკე პრობლემაა, გარემოს დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების განადგურება, რაც კრიზისამდე მისული კლიმატის ცვლილების ფონზე ნადვილად საყურადღებოა. მიწის გადაწვა, მავნებლობიდან გამომდინარე, ისეთ სასტიკ დანაშაულთან ასოცირდება, როგორიცაა, არც მეტი არც ნაკლები, ტერორიზმი. მაშ როგორ მოვამზადოთ ჩვენი ნიადაგი ხვნა-თესვისთვის ისე, რომ ტერორირსტებად არ ვიქცეთ გარემოსთვის? რა უფრო იქნება სასარგებლო ჩვენთვისაც, მიწისთვისაც და გარემოსთვისაც? – ამ კითხვაზე სპეციალისტებს მარტივი პასუხი აქვთ: ნარჩენები ჩავტოვოთ ადგილზე და ისე დავხნათ.

ფერმერი ბექა გონაშვილი “აგრო სიახლეებს” საკუთარ პრაქტიკას უზიარებს და ამბობს, რომ ნამჯა ნაკვეთიდან საერთოდ არ გამოაქვს და იყენებს როგორც სასუქს და როგორც მულჩს.

“ჩვენ არ გამოგვაქვს ნამჯა მიწის ნაკვეთიდან. მოსავლის აღებისას ე.წ. ჩოფერიან კომბაინებს ვიყენებთ, რომლებიც ნამჯას აქუცმაცებს. ნამჯა იგივე ნეშომპალაა, აზოტი, რომელიც მცენარემ მიწიდან წამოიღო. ჩვენ ამ აზოტს მიწას ისევ უკან ვუბრუნებთ. შესაბამისად, ვხმარობთ უფრო ნაკლებ სასუქს, ვიდრე ისინი, ვინც მიწას წვავენ. მოსავლის აღებისთანავე, კომბაინებს უკან მიჰყვება ე.წ. დისკები, რომელიც მიწას ჩეხავს (და არა ხნავს) და ეს ნამჯა ჩააქვს მიწაში. შესაბამისად, არაფერს ვწვავთ და მიწის ნაკვეთიც დამუშავებულია. მიწის ნაკვეთს დამუშავების შემდეგ აფარებენ ე.წ. მულჩს. ხშირად მულჩის ფუნქციას ცელოფანი ასრულებს ხოლმე, რომელსაც მიწის ნაკვეთს აფარებენ. შემდეგ მას ადგილ-ადგილ ხვრეტენ და შიგნით თესავენ თესლს. მულჩი იმითაა კარგი, რომ ის სარეველა მცენარეებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს. აი, სწორედ ნამჯას ვიყენებთ მულჩის ფუნქციით ჩვენ და გარდა იმისა, რომ სარეველებს გამრავლების საშუალებას არ ვაძლევთ, ტენიანობასაც ვუნარჩუნებთ მიწის ნაკვეთებს, რაც შირაქში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მიწა უფრო მდგრადი გახდა გვალვების მიმართ, ვიდრე ადრე იყო. ვიღაცამ რომ ჩვენს ნაკვეთს შეხედოს, იტყვის, რომ დაბინძურებული და მოუვლელია. სინამდვილეში კი, ეს არის ნამჯის მულჩი, რომელსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ”, – გვიხსნის ბექა და კატეგორიულად არ ეთანხმება იმ ფერმერების, რომლებიც ამბობენ, რომ ე.წ. ჩოფერიანი კომბაინის მომსახურება ძვირი ჯდება, ამის გამო პროდუქტის თვითღირებულება ეზრდებათ და ამას მიწის გადაწვა ურჩევნიათ. ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ფერმერს ამ კომბაინის გამოყენებით მოსავლის აღება ერთ ჰექტარზე მაქსიმუმ 10 ლარით მეტი დაუჯდება, თუმცა, სამაგიეროდ, ნაკლები სასუქის შეტანა მოუწევს, რაც გაცილებით უფრო ამცირებს ფასს, ვიდრე ჰექტარზე ე.წ. ჩოფერის არგამოყენებით დაზოგილი 10 ლარია. რაც მთავარია, მოსავალი გაცილებით მეტი მოდის, ვიდრე გადამწვარ მიწის ნაკვეთებზე. ბექას გაანგარიშებით, მის ოჯახს მიწის სწორად დამუშავება, საბოლოო ჯამში, სხვა ფერმერებთან შედარებით, დაახლოებით, 40 ლარით ნაკლები უჯდება, მიწასაც არ აზიანებს და გარემოსაც არ აბინძურებს.

ნიადაგის დეგრადაცია და გარემოს დაბინძურება მრავალმხრივი ზარალიანობის მხოლოდ ნაწილია, რომელიც მიწის გადაწვას მოაქვს თავად ფერმერისთვის და გარემოსთვის, რომელშიც ყველა ვცხოვრობთ. ნიადაგის გადაწვით ვაფუჭებთ მიწასაც და ვწამლავთ ჰაერსაც.

“ნიადაგის მოსავლიანობისთვის წამყვანი კომპონენტი მასში ორგანული ნივთიერებების სიმრავლეა. მიწის გადაწვის დროს ეს ორგანული ნიადაგი იწვება და ნიადაგი სრულიად უვარგისი ხდება. ნიადაგიოს გაფუჭების გარდა, ვაბინძურებთ ჰაერსაც, – ვამდიდრებთ ნახშირორჟანგით, ვწვავთ ჟანგბადს. ეს ყველა მეურნემ უნდა გაითვალისწინოს. განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიაა გადავიტანეთ, იმუნიტეტბი დასუსტებულია, გვჭირდება დიდი მოსავალი და სუფთა ჰაერი. ტყეს უნდა გავუფრთხილდეთ განსაკუთრებით. ტყეები ჩვენი ფილტვებია,” – ეუბნება “აგრო სიახლეებს” ნიადაგმცოდნე ზაურ ჩანქსელიანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.

ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას. სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა, შესაბამისად, დასჯადია და სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, 500-დან 1300-ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული.

“მიწის გადაწვით აღარიბებთ მიწას და საკუთარ თავსაც, წვავთ თვქენს შემოსავალს“, – ეუბნება “აგრო სიახლეებს” გარემოსდაცვითი ორგანიზაციის CENN-ის დირექტორი რეზო გეთიაშვილი. კიდევ რა მავნებლობაა და რით გვაზარალებს, რა საფრთხეს გვიქმნის მიწის წვა? 👇

აგრონომებისა და გარემოსდამცველების მოსაზრებით, მავნე პრაქტიკის აღმოფხვრისთვის ერთ-ერთი გამოსავალი არის, რომ თანამედროვე კომბაინებს მიეცეთ ვალდებულება, ნამჯის დასაქუცმაცებელი მოწყობილობა ჩაუბან. ასე ნამჯა ფქვილად იქცევა და ნიადაგს შეერევა“. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფომ ჯარიმა 10 000-20 000 ლარამდე  უნდა გაზარდოს. ასეა თუ ისე, კანონი გვაქვს, რომლის გამკაცრება შეიძლება, თუმცა, არსებულის აღსრულებაც კი ვერ ხერხდება. ფერმერები და სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს კანონის აღსრულების პოლიტიკური ნება არ აქვს. ამიტომაცაა რომ ფინანსური სანქცია ამ დრომდე მიწის გადაწვუისთვუის არავის დაკისრებია. გარემოსდამცველები დარწმუნებული არიან, რომ ჯარიმის პრეცედებტებისს გარეშე, შედეგი არასდროს დადგება.

“მიწების გადაწვის” მოწინააღმდეგე ფერმერები და გარემოს დამცველები ამბობენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, საქართველოს ისედაც დეგრადაციის პრობლემის მწვავე პრობლემის წინაშე მყოფი მიწები რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, საერთოდ მოუსავლიანი გახდეს.

ღია გარემოში ნარჩენების წვა დანაშაულია.

“თუ თქვენ ცეცხლი ღია გარემოში ერთხელ მაინც დაგინთიათ, ჩათვალეთ, რომ დამნაშავეები ხართ. ჩადენილი გაქვთ სასტიკი დანაშაული. თქვენ შეიწირეთ მრავალი ცოცხალი არსებისა თუ ორგანიზმის სიცოცხლე,” – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

დაუჯერეთ სპეციალისტებს.  ნუ გახდებით დაუდევრობით მკვლელები, არ გადაწვათ მიწა. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს.

“აგრო სიახლეების” სიუჟეტი ამ თემაზე იხილეთ აქ 👇