Skip to content Skip to footer

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ბოლო 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა – რას აჩვენებს აგრარული სტატისტიკა? პასუხობს თუ არა აგროეკონომიკის გამოწვევებს მოქმედი აგრარული პოლიტიკა?

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა საქართველოში ბოლო 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში 801 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ბინადრობს, რაც წლიურად 7%-იანი კლებაა. ასევე, 5.1%-ით არის შემცირებული ფურისა და ფურკამეჩის სულადობა.

სექტორის წარმომადგენლები შემცირების მთავარ მიზეზებად სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების არარსებობასა და ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის ზრდას ასახელებენ. მათი თქმით, ქვეყნიდან, ძირითადად აზერბაიჯანში, გადის მცირე ასაკის, დაახლოებით თვენახევრის სასუქი საქონელი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ხორცის წარმოებისთვის უნდა დარჩენილიყო.

ფერმერული მეურნეობების შემცირებასთან ერთად იკლებს კვლავწარმოებაც. ბევრი ფერმერი მესაქონლეობას ტოვებს, რაც საბოლოოდ ხორცის ფასზეც აისახება. ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია და ფასებიც მატულობს. მიუხედავად ამისა, დარგის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში სექტორს აღდგენისა და გაჯანსაღების პოტენციალი ჯერ კიდევ აქვს.

რაც შეეხება მეღორეობას, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისთვის 152 ათასზე მეტი ღორი ბინადრობს. წლიური ზრდა მხოლოდ 0.2%-ს შეადგენს. სხვათაშორის, კახეთსა და რაჭაში მეღორე ფერმერებ თავს ყველაზე დაჩაგრულად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ სახელმწიფოს მათთვის სპეციალიზებული მხარდამჭერი პროგრამები არ აქვს, არც ბანკები იძლებიან სესხს და მეღორე ფერმერს ფულად რესურსთან წვდომა მუდმივად შეზღუდული აქვს. უმწვავეს პრობლემად ამ სექტორში სახელდება ის, რომ სახელმწიფო ღორის დაავადებებს სათანადოდ ვერ მართავს, პრობლემაა ვაქცინაციაც, რის გამოც ღორის ჭირი და ასევე სხვა დაავადებები ცხოველებს მასიურად ხოცავს, რაც ფერმერისთვის ფინანსურად გამანადგურებელია. 

მეფრინველეობის მიმართულებით მდგომარეობა განსხვავებულია — ფრინველთა სულადობა ნახევარი პროცენტით შემცირდა და 8.5 მილიონ ფრთას გაუტოლდა, თუმცა აგრარული პროდუქტების წარმოების სტატისტიკა ზრდას აჩვენებს. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 179 მილიონი კვერცხი იწარმოა, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. წლიური ზრდა 4.1%-ს შეადგენს. მეფრინველეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ ადგილობრივ ბაზარზე სამართლიანი ფასები შენარჩუნდება, ინდუსტრიას განვითარების დამატებითი რესურსი აქვს.

რძის წარმოება კი წლიურად 1.2%-ით შემცირდა და პირველ კვარტალში 107 მილიონ ლიტრს გაუტოლდა. რძის პროდუქტების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში რძის პროდუქტების მწვავე დეფიციტია, რომლის დასაძლევად აუცილებელია მაღალპროდუქტიული ცხოველების შემოყვანა. მათი შეფასებით, ამ პროცესში ფერმერებს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ.

სექტორის წარმომადგენლები ასევე სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემებად ასახელებენ განათლების დაბალ დონეს, კვალიფიციური კადრების დეფიციტსა და ფინანსებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას.