Skip to content Skip to footer

„ნაბეღლავი“ „საქპატენტშია“ რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ნაბეღლავი“ „საქპატენტში“ 2011 წლის 13 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას ნაბეღლავის წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

„ჩვენ სოფელს ნაბეღლავი ტყუილა კი არ ჰქვია? იყო წინათ სიმინდი, ბეღელიც იყო, ახლა მართლა ნაბეღლავი გახდა“ – ასეთ ფრაზას ვკითხულობთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში „მე ვხედავ მზეს“. მართლაც ასე იყო ოდითგან, სოფელ სურებისა და ნაბეღლავის მხარე მთელ გურიაში განთქმული იყო, როგორც სანოვაგისა და სიმდიდრის ადგილი, თუმცა, სხვადასხვა საუკუნეში ომიანობამ აქაურობასაც დაამჩნია გაჭირვების კვალი. ასე გადაიქცა ბეღელი ნაბეღლავად და ასე დაერქვა ამ სოფელში გადმოდინებულ წყალს ნაბეღლავის სახელი.

ნაბეღლავის მოსახლეობამ გადმოცემით იცის, რომ ყველაზე დიდი ყურადღება აქაურ მინერალურ წყალს მაშინ მიაქციეს, როდესაც სოფლის ხალხი დააკვირდა, რომ პირუტყვი ძირითადად ერთ ადგილას მიდიოდა წყლის დასალევად, შემდეგ ადამიანებმაც გასინჯეს ეს წყალი და მიხვდნენ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე.

ნაბეღლავის მინერალური წყალი 1905 წლიდან გახდა ცნობილი, როგორც ახალი აღმოჩენა გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, გუბაზეულის ხეობაში, ბახმაროს გზაზე, გზის პირას არსებულ სოფელ ნაბეღლავში. მოგვიანებით, წყლის საბადოს ირგვლივ ქარხანა აშენდა და 1958 წლიდან „ნაბეღლავის“ ქარხნული ჩამოსხმა დაიწყო.

ეს წყალი ხასიათდება უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით. გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ორგანოთა და შარდის სადინარების დაავადებათა სამკურნალოდ, ასევე, ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.

ნაბეღლავი ნახშიროჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალია, საერთო მინერალიზაციით 2,5-12 გ/დმ3.

მაშინ, როდესაც ნაბეღლავში სანატორიუმი ფუნქციონირებდა, დასვენებისა და მკურნალობის მიზნით, ხალხი მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩადიოდა. ინტენსიურად სვამდნენ მინერალურ წყალს. როგორც ცნობილია, სამკურნალო კურსი მოიცავდა 12-18 დღიან პერიოდს. ეს წყალი გამოიყენებოდა, როგორც დასალევად, ასევე, აბაზანების მისაღებად. 90-იან წლებში სანატორიუმი გაუქმდა და ახლა მხოლოდ ქარხნულად ჩამოსხმული წყალია ხელმისაწვდომი.

„ნაბეღლავის“ სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#