კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის ფასის საჯაროდ მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის, სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში.
შეგჰახსენებთ, მოვაჭრედ მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას.
ფასის მითითება აუცილებელი არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
1.საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია; საქონელი იყიდება აუქციონზე;
2.გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.
3.იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.
4.იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.
შეგახსენებთ, მომხმარებელთან მოვაჭრის ურთიერთობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი არეგულირებს, აღმასრულებელი კი კონკურენციის სააგენტოა. შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ.
ამის შემდეგ სააგენტო დაიწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირის/პირების ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა, დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება.
სააგენტოს მიერ მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის დაწყების საფუძველია გონივრული ვარაუდი, რომ ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა, მიადგეს.
სააგენტოსთვის მიმართვის ვადა : კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა დარღვევის ჩადენიდან არაუგვიანეს 2 წლისა.
სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები: სააგენტო მისთვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს განცხადებაზე რეაგირების თაობაზე ან დავის მიზეზის არარსებობის შესახებ.
სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ხოლო საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა.
სააგენტოს გადაწყვეტილება: მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას:
ა) დარღვეული უფლების აღდგენას;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.
ჯარიმა: სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს.
იმ შემთხვევაში, თუ დაჯარიმებული მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. მოვაჭრის მიერ დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმა ორმაგი ოდენობით. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან. მოვაჭრე ვალდებულია ჯარიმა მისი დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში გადაიხადოს.
სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კი, როგორც მომხმარებელს, ასევე ონლიან მოვაჭრეს 30 დღის ვადაში შეუძლია.