მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო საფასური 50 ლარით გაზარდა, ქატოსა და ქერზე კი, ახალი საფასური დააწესა,100 ლარის ოდენობით. ამასთან, ფქვილთან დაკავშირებული რეგულაცია, რომლის ვადაც 1-ელ ნოემბერს იწურებოდა, 2024 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამით ბაზარზე არსებული პარამეტრები ქართულ რეალობასთან შესაბამისობაში მოვიდა.
„ამ გადაწყვეტილებით სისტემაში მოვიდა პარამეტრები, რომლებიც დღევანდელ რეალობას შეესაბამება საქართველოს ბაზარზე, რადგან მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეებში ფასები გადალაგდა. ვგულისხმობ იმ პერიოდის შემდეგ დროს, როცა პირველი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და 200-ლარიანი საფასური დაწესდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ფასები შეიცვალა და რუსულ ბაზარზე ნედლეულიც და უკვე პროდუქციაც ჭარბი მოსავლის პირობებში ძალიან გაიაფდა, ჩვენ ვერ ვიღებდით ადგილობრივი ფერმერებისგან პროდუქციას იმ ფასად, რაც მათ აკმაყოფილებდათ. რეალურად თვითღირებულებაზე ნაკლებად უხდებოდათ გაყიდვა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, პარამეტრები ნორმალიზდა რეალობასთან, იმისთვის, რომ კონკურენციის სწორი პირობები დარჩენილიყო იმპორტირებულ და ადგილობრივად გამოშვებულ ფქვილს შორის.
ის რომ, 1-ელ მარტამდე გაგრძელდა რეგულაცია, მისასალმებელია. ეს ბაზარს სტაბილურობას შესძენს. აღინიშნა კიდეც და ჩვენც ვფიქრობთ, რომ კიდევ დიდი რყევები თუ იქნება ბაზარზე, არსებული მექანიზმი ძალიან მოქნილია იმისთვის რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს“, – განაცხადა სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან”.
სილაგავამ ასევე განმარტა, რატომ გახდა აუცილებელი ქატოზე საიმპორტო გადასახადის შემოღება.
„წისქვილი 2 პროდუქტს უშვებს, ფქვილსა და ქატოს. ბოლო პერიოდში, რუსული ქატო, რომელიც ადრე სრულად ირანს მიჰქონდა ირანმა არ გაიტანა და დიდი ოდენობით შემოვიდა საქართველოში, ამან ადგილობრივი წარმოება და ბაზარი ძალიან დააზიანა. სწორედ ამან განაპირობა აუცილებლობა, ქატოს იმპორტზეც დაწესებულიყო საფასური”, – ამბობს სილაგავა.
შეგახსენებთ, 12 ივნისს საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა, რომელიც ძალაში 5 თვეს უნდა ყოფილიყო. აღნიშნული გადაწყვეტილებით ერთ ტონა ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 200 ლარით განისაზღვრა. თუმცა მთავრობა, დღეს ფქვილის იმპორტის გადასახადი კიდევ 50 ლარით გაზარდა და 2024 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა.