ხაჭაპური გაძვირდა. ამის შესახებ ხაჭაპურის გაზრდილი ინდექსი იუწყება, რომელსაც 2011 წლიდან ISET-ი ითვლის. საქმე ისაა, რომ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში (ISET-ი) იმერული ხაჭაპურის, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვების, მომზადების ღირებულებას, საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, აჯამებს და მას “ხაჭაპურის ინდექსის” სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.
ISET-ის მიხედვით, ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის დეკემბერშიც გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულებამ 6.99 ლარი შეადგინა, რაც 0.6%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის ნოემბრის) და 21.7%-ით წინა წლის (2021 წლის დეკემბრის) მაჩვენებელს.
საშობაო და საახალწლო სამზადისის პერიოდში ტრადიციულად ინდექსი თვიურ ჭრილში იზრდება, რადგან დღესასწაულების გამო მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. დეკემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებზე ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა: ყველი – 27.4%-ით, რძე – 20.0%-ით, კარაქი – 17.3%-ით, საფუარი – 15.1%-ით, ფქვილი – 13.3%-ით, კვერცხი – 8.6%-ით.
წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ფასები გაიზარდა საქართველოს ყველა ქალაქში. წელს ყველაზე დიდი ზრდა (28.9%) თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის თელავი (22.4%), ბათუმი (21.8%) და ბოლოს ქუთაისი (14.1%), სადაც სხვებთან შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
2011-2022 წწ-ების მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება 2022 წლის დეკემბერში თითქმის გაორმაგდა 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (2011 წლის 3.76 ლარიდან 2022 წელს 6.99 ლარამდე გაიზარდა). ხაჭაპურის ღირებულება ყველაზე დაბალი 2012 წლის დეკემბერში იყო და 3.43 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალ ნიშნულს კი 2022 წლის დეკემბერში მიაღწია და 6.99 ლარამდე გაიზარდა.
“როგორც ვხედავთ, საქართველოში სურსათის ფასები ჯერჯერობით ისევ იზრდება, მაგრამ უკვე მერვე თვეა საერთაშორისო ფასები იკლებს, რაც საბოლოოდ ადგილობრივ ბაზრებზეც უნდა აისახოს და ადგილობრივმა ფასებმა შემცირება დაიწყოს,” – წერს ISET-ი.
გაზრდილია პიცის ინდექსიც. იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მარტივი, კლასიკური კერძის, Pizza Margherita-ს მომზადების საშუალო ღირებულება დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 30%-ით გაიზარდა. ეს ბევრად აღემატება გასული თვის ინფლაციის 12.3%-იან მაჩვენებელს, რაც ენერგიასა და სურსათზე ფასების მატებით იყო გამოწვეული, – ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის მთავრობამ გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე დახმარების მიზნით მოქალაქეებს 75 მლრდ ევროს (81,6 მლრდ დოლარის) ნაღდი ფული გამოუყო, პიცის, როგორც ყველაზე გავრცელებული კერძის, გაძვირება, ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ იზრდება ფასები სხვა პროდუქტებზე.
სახლის პირობებში პიცის დამზადების ღირებულება გაცილებით სწრაფად გაიზარდა, ვიდრე უკვე მომზადებული პიცის მოხმარება, რაც მხოლოდ 9.9%-ით გაძვირდა. ინდექსში ღირებულების ყველაზე მკვეთრი ნახტომი მოცარელას ყველზე დაფიქსირდა, რაც, თითქმის, 27%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა ფქვილი, რომელიც 22%-ით გაძვირდა.
ცნობისთვის, პიცის ინდექსი ეფუძნება ძირითადი ინგრედიენტების, ფქვილის, პომიდვრის, მოცარელას ყველისა და ზეითუნის ზეთის მზარდ ფასებზე იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს. ასევე, გათვალისწინებულია მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც სახლის ელექტროღუმელში პიცის მომზადებას სჭირდება.
შეგახსენებთ, Pizza Margherita 1889 წელს, ნეაპოლში შეიქმნა დედოფლის მარგერიტა დი სავოიას ვიზიტის პატივსაცემად, რომელიც ქვეყნის გაერთიანების შემდეგ იტალიის პირველი დედოფალი იყო
მას შემდეგ რაც რეცეპტში რეჰანის ფოთლები დაამატეს, ეროვნული კერძის ფერები იტალიის მწვანე, თეთრ და წითელ სამფეროვან დროშას ემსგავსება.
ცნობისთვის, Pizza Margherita ევროკავშირის მიერ ტრადიციული სპეციალობის გარანტირებულ (Traditional Specialty Guaranteed) პროდუქტადაა აღიარებული. ამ სტატუსს პიცა მხოლოს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის 485 გრადუს ცელსიუსის შეშის ღუმელზე დამზადდება, ექნება მინიმუმ, 1-2-სანტიმეტრიან სიმაღლის ქერქი და დამზადებული იქნება ისეთი სპეციფიკური პროდუქტების გამოყენებით, როგორიცაა დაბალ ტემპერატურაზე დაპრესილი ზეითუნის ზეთი, ახალი რეჰანი, კამეჩის რძის ან ტრადიციული მოცარელას ყველი და ადგილობრივი პომიდორი.
და ბოლოს, პიცისა და ხაჭაპურის “ნათესაობაზე” BBC ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა. BBC-ის ჟურნალისტმა დევიდ ფერლიმ საქართველოში მოგზაურობისას ხაჭაპური რიკოთის უღელტეხილზე დააგემოვნა და მისი გემოვნური თვისებებით აღფრთოვანებული ხაჭაპურის ისტორიას უზიარებს მკითხველს.
“ხაჭაპურის წარმოშობაზე ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, ქართული კულინარიის აკადემიის პროფესორისა და მწერლის დალი ცანავას თქმით ხაჭაპური შეიძლება პიცას ენათესავებოდეს. მისი თქმით, შავი ზღვის სანაპიროზე მოსულმა რომაელმა ჯარისკაცებმა პიცის მსგავსი კერძი მოიტანეს. როგორც იცით მე-16 საუკუნემდე ევროპაში პომიდორი არ არსებობდა, ამიტომ პიცის მსგავსი კერძი პურისა და ყველგან მზადდებოდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ხაჭაპურია. იმერეთში ხაჭაპური ჭყინტი ყველისგან მზადდება და შორიდან რომ შეხედოთ ისეთი ფორმა აქვს პიცა გეგონებათ. სვანური ხაჭაპურია კუბდარი, მეგრული ხაჭაპური იმერულის მსგავსად ყველით სავსეა და ზევიდან გამდნარი ყველის ფენა ადევს,”-წერს BBC-ის ჟურნალისტი.
ხაჭაპურის და პიცის ინდექსების ბიგ მაკის ინდექსის ინსპირაციაა. ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა. ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც – ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს.
The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს.