“ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” – ასე ქვია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ შვიდი მილიონი ევროთი დაფინანსებულ ინიციატივას, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ხოლო ძირითადი პარტნიორი არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ფართო საზოგადოებას პროექტის პირველადი ანგარიში რამდენიმე დღის წინ გააცნეს. დაფინანსებისთვის შერჩეული ინიციატივები 14-მა მუნიციპალიტეტმა წარადგინა.
პროექტი არის მცდელობა ქვეყნის ყველა რეგიონში თანაბრად დაბალანსდეს ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დონე. ინიციატივის კონკრეტული მიზანია მუნიციპალიტეტებმა, ბიზნესებმა და მოქალაქეებმა რეგიონებში გააცნობიერონ გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი, გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის ათვისებით კი მოსახლეობის ყოველდღიურობის გაუმჯობესებაა დაგეგმილი. არის მოლოდინი, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტი შეამცირებს რეგიონებიდან მიგრაციას და წაახალისებს მოქალაქეებს საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას.
პროექტი დაიწყო 2022 წლის თებერვალში, გაგრძელდება 2025 წლის სექტემბერამდე და თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან.
პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები გამიზნულია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებასა და თანამშრომლობას. იგი მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი, კახეთი. დაფინანსების მოსაპოვებლად დასახელებულია სამი პრიორიტეტული სფერო: 1) ურბანული განახლება; 2) ტურიზმის განვითარება; 3) შემოსავლების გენერირება და ეკონომიკური გააქტიურება.
სრული გადაცემა ნახეთ აქ ?