მას შემდეგ, რაც, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს ქვეყნების უმრავლესობამ სანქციები დაუწესა, სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ გამოსავალი იპოვონ და თავიდან აირიდონ ამ სანქციებით მიღებული დისკომფორტი. საქართველოში მათ ამის საშუალებას მაინინგი და კრიპტოვალუტის ტრანზაქციები აძლევთ, რადგან ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში მეტწილად რეგულირების მიღმაა დარჩენილი. სქემა, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები ფინანსურ ტრანზაქციებს ასრულებენ, Tv pirveli-მა გააშუქა, მედიის ცნობით პეკინზე მდებარე ოფისში საქართველოს მოქალაქეებს, 50 ლარის სანაცვლოდ, საკუთარი კრიპტოექაუნთით ასრულებინებენებ ფინანსურ ოპერაციებს და ანაღდებინებენ თანხას.
საქმე ისაა, რომ კრიპტოვალუტების მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შუამავლების გვერდის ავლით მოახდინონ ფინანსური ტრანზაქციების ვალიდაცია. შესაბამისად, კრიპტოსექტორში გამოჩდნენ შუამავლები, რომლებიც ცდილობენ შეითავსონ, მაგალითად, ვირტუალური საფულით მომსახურების ან კრიპტოვალუტის ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლის ფუნქციები. ეს შუამავლები, საბანკო სექტორისგან განსხვავებით, არასაკმარისად რეგულირდებიან. კრიპტოტრანზაქცია არ იბეგრება (ბანკში თანხის განაღდებისას მხოლოდ საბანკო საკომისიო ეჭრება). ის მთლიანად ეკონომიკის მიღმაა დარჩენილი, არადა, როგორც ფინანსისტები და ეკონომისტები ამბობენ, კრიპტოვალუტიდან ქვეყანას საკმაოდ სოლიდური თანხის მობილიზება შეუძლია.
„აგროგარემო“ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ევროპის ცენტრალური ბანკზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ქვეყნების ეკონომიკაში ციფრული ვალუტის დერეგულირება საფრთხის შემცველია, რომლითაც უკანონი საქმიანობიოსთვის ხშირად ხელს ითბობენ ფულის გამთეთრებლები, კრიმინალები, თაღლითები.
ამონარიდი ფილმიდან “საიდან მოდის და სად მიდის “დენი”
ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერები 2023 წლის იანვრიდან უკვე ექვემდებარებიან ეროვნული ბანკის ზედამხედველობას. პირველ ეტაპზე, მათი მხოლოდ რეგისტრაცია და ფულის გათეთრების პრევენციისთვის რეგულირება იგეგმება. როგორც ეროვნულ ბანკში „აგროგარემოს“ აუხსნეს, საკანონმდებლო ჩარჩო, რომელმაც ციფრული ფული უნდა დაარეგულიროს, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მუშავდება.
კრიპტოვალუტა მეტწილად დეცენტრალიზებული ფულია და მასზე მოთხოვნა შეუქცევადი იქნება. ეკონომისტები აღიარებენ, რომ ეკონომიკაში ამ კრიპტოსექტორიდან მიღებული შემოსავალი საკმაოდ სოლიდურ თანხას დააგენერირებდა, თუმცა მათი ნაწილისთვის სფეროს რეგულირების ჩარჩოში მოქცევა წარმოუდგენელია.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ნოდარ სირბილაძე ამბობს, რომ შავ ბაზარზე მისი კონტროლი შესაძლებელია ფულის გათეთრების უკვე მოქმედი კანონითაც და, მისი ჯეროვანი აღსრულების შემთხვევაში, რამე დამატებითი რეგულაციის შემოღება საჭირო სულაც არ იქნება.
რა საფრთხეა საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ საკუთარი ელექტრონული საფულიდან თანხის რეგულარულად განაღდება, ამას სირბილაძე დეტალურად განმარტავს, მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამ ნაბიჯის გადადგმამდე სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლას ურჩევს.
ოდნავ უფრო სხვაგვარად ხედავს კრიპტოინდუსტრიის რეგუალციის საკითხს კრიპტო-ლიტერატურის მთარგმნელი, საგანმანათლებლო მედია-პლატფორმის Scrolling Cryptos-ის დამფუძნებელი, ცოტნე ყურაშვილი. ის „აგროგარემოსთან“ საუბარში ორ ძირითად საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:
„პირველ რიგში არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში კრიპტო და ბითქოინი. ბითქოინი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ნამდვილად დეცენტრალიზებული ციფრული ფულია, კრიპტო კი მისგან წარმოქმნილი ტოკენები თუ ქოინები, რომლებიც მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ!) გამოიყენება იმისთვისაც, რაზეც საუბარია ევროპის ცენტრალური ბანკის მოხსენებაში. კერძოდ, თაღლითობა, ფულის გათეთრება და სხვა სახის კრიმინალი. მეორე საკითხიც ზუსტად ამას ეხება: დიახ, კრიპტო გამოიყენება კრიმინალური აქტივობებისთვის, მაგრამ ვინ იტყვის, რომ „ფიატ“ ფული (ანუ მთავრობის ფული) არ გამოიყენება იგივესთვის? სავარაუდოდ, უფრო ფართო მასშტაბებშიც კი. ამიტომ რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურებს არ აწყობთ კრიპტო აქტივობების მომრავლება და სურთ ეს სფერო რეგულაციების ქვეშ მოაქციონ, რათა არ დაკარგონ გლობალურ და ადგილობრივ მონეტარულ სტრუქტურებზე დამყარებული მონოპოლიური კონტროლი. და ეს გასაგებიცაა,“ – განუმარტა ყურაშვილმა „აგროსიახლეებს“.
შეგახსენებთ, საქართველოში კრიპტოვალუტების სამართლებრივი სტატუსი დღემდე საკმაოდ ბუნდოვანია, მაშინ როცა მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ეს სფერო რეგულირებადი გახადა. ძირითადად რეგულაციები კრიპტოვალუტების სტატუსსა და საგადასახადო დაბეგვრას მოიცავს.