Skip to content Skip to footer

რამდენად რთული, ხანგრძლივი და კაპიტალტევადი პროცესია საძოვრების აღდგენა

საქართველოში საძოვრები კრიტიკულ ზღვრამდეა დეგრადირებული. საძოვრების დეგრადაცია არის მოვლენა, როცა საძოვარზე ბალახის საფარველი ნადგურდება იმაზე უფრო ინტენსიურად და მაღალი სიჩქარით, ვიდრე საძოვარს შეუძლია თვითაღდგენა.

საძოვრებს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, პრობლემას უქმნის, ერთი მხრივ, კლიმატის ცვილება და, მეორე მხრივ, ადამიანის ჩარევა. დეგრადირებული და დაბალნაყოფიერი საძოვრების განახლება მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. საძოვრების შენარჩუნება-აღდგენაზე ჩვენს ქვეყანაში მუშაობა 2014 წლიდანაა დაწყებული.

“სწორი მართვის პირობებში მისი აღდგენა სამ-ხუთ წელში სავსებით რეალურია,” – ამის შესახებ “აგროგარემო TV-ის” გადაცემა “აგრო სიახლეებს” „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC Caucasus) პროექტის მენეჯერმა ნინო ნადიბაიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, არ არის აუცილებელი თემობრივი სტრუქტურის ცვლილება და არც დიდი ინვესტიციის განხორციელება, არც საძოვარზე ცხოველთა სულადობის შემცირება არ იგულისხმება. ნადიბაიძე ამტკიცებს, რომ საკმარისია მხოლოდ ექსპერტთა და ფერმერთა ერთობლივი ჩართულობითა და თანამონაწილოების პრინციპების საფუძველზე საძოვართა მართვის ისეთი გეგმების მომზადება, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ კულტურულ თუ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რომლებზეც მორგებული აქტივობები განხორციელდება ველზე.

“საძოვრის აღდგენა არ საჭიროებს იმხელა ინვესტიციას, რომელსაც ვერ დაძლევს ფერმერი ან ფერმერთა გაერთიანება. უნდა გააცნობიეროს ფერმერმა, რომ ეს კეთდება მხოლოდ საძოვრის პროდუქტიულობის ზრდისთვის, რაც, პირველ რიგში, მისსავე ინტერესშია. ფერმერისთვის მისაღები და დაძლევადი ინვესტიციის საფუძველზეც სავსებით შესაძლებელია საძოვარზე ბალახეული საფარველის გაკეთილშობილებას, გაუმჯობესებას, რაც მყისიერად, სარკისებრად მათი ცხოველების პროდუქტიულობაზე და ფერმერის შემოსავალზე აისახება. აქ ყველაზე დიდი გამოწვევა ფერმერებიის დაბალი მოტივაციაა და, საბედნიეროდ, ბოლო დროს ეს სურათი შეიცვალა. თანდათან სულ უფრო მეტი ფერმერი მიხვდა, რომ რომ საძოვრის დაზოგვა-შენარჩუნება-აღდგენას ალტერნატივა არ აქვს,” – თქვა აგროგარემო TV-ის” გადაცემა “აგრო სიახლეებში” ბელა გელაშვილთან საუბრისას „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC Caucasus) პროექტის მენეჯერმა ნინო ნადიბაიძემ.

შეგახსენებთ, გაერომ 2019 წელს კონვენციის ფარგლებში შეიმუშავა საძოვრებისა და სხვა ეკოსისტემების აღდგენის კონცეფცია და ეს შეფუთა, როგორც მიწის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა. საქართველოშიც ხორციელდება პროექტი, რაც გულისხმობს მიწის ბალანსიის ნეიტრალობის მიღწევას მდგრადი მართვისა და აღდგენის გზით. აქამდე საძოვრებს კანონი არ არეგულირებდა. შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფცია, რომელიც ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებებს ეყრდნობა. კერძოდ, გათვალისწინებულია გერმანიისა და საფრანგეთი სმაღალი მთის ალპური საძოვრების გამოყენების მიდგომები.

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇