აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვეტილია. ინიციატორი ამერიკული მხარეა. ესაა პასუხი საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, 2028 წლამდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან ჩახსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნასთან ერთად სწორედ ამ გადაწყვეტილების შეცვლა არის ახლა პარლამენტთან აქციებზე გამოსული მრავალრიცხოვანი მოქალაქეების მოთხოვნაც.
და მაინც, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, რას კარგავს ამით ჩვენი სოფლები, რეგიონები, სოფლის მეურნეობა და რიგირთი ფერმერი?
დავიწყოთ ეროვნული ვალუტით, რომელიც ქვეყანაში მაკროეკონომიკური ამინდის მთავარი მდგენელია. ლარის კურსი ადგილობრივი მაწარმოებლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ოპერირებისას. ამიტომ დავინტერესდით, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აშშ-ის პარტნიორობის გაუქმებამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ბიზნესზე.
როგორც ეკონომიკის დოქტორმა, ფინანსური ანალიტიკოსმა, ნიკა შენგელიამ, აგვიხსნა, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება მოიცავს ყველა ფინანსური გრანტისა და სხვა ტრანზაქციების შეჩერებას, ასევე დახმარების პროგრამების შეწყვეტას, რომლის დანაკლისი ქვეყანას დიდი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დააყენებს.
“ეს თანხა, რაც თუნდაც სამთავრობო გრანტების სახით შემოდიდა ევროპიდან და ამერიკიდან, ძირთადად, ხვდებოდა ეროვნულ ბანკში და იქედან ლარების სახით შემოდიოდა ეკონომიკაში, ივსებოდა ეროვნული ბანკის რეზერვები, ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რაოდენ დიდი გამოცდა იქნება ეს ეროვნულ ბანკისთვის, შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი,” – გვითხრა ნიკა შენგელიამ.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ლარს უკვე დაეტყო, კურსი მყისიერად დაეცა. სამწუხაროდ, პოლიტიკური კრიზისის განეიტრალების გარეშე (ქუჩაში მასობრივი საპროტესტო აქციების სამთავრობო კომპრომისით შეყვეტა), არც პროგნოზია საიმედოა.
ახალი კულტურების გაშენება, წინასწარი კვლევები, ჯიშების დატესტვა, ტექნოლოგიური და კლიმატგონივრული მეურნეობების პილოტირება, ფინანსური რესურსი და ექსპერტული ცოდნა, ფერმერების დატრენინგება თანამედროვე აგროსამეწარმეო უნარებში და მარკეტინგულ-სარეალიზაციო ციფრულ თუ ტრადიციულ ტექნოლოგიებში ადგილზეც (საკუთარ მეურნეობებში) და საზღვარგარეთაც, მოწინავე აგრარულ კლასტერებში, – ეს არის ის, რასაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები უკეთებენ ჩვენს აგრომწარმოებლებს. სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერება ამ ყველაფრის გაჩერებას გულისხმობს. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი “აგრო სიახლეებს” აცნობს იმ სიკეთეებს, რაც სოფლის მეურნეობაში ამერიკელი ხალხის დაფინანსებით გაკეთდა.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებით საქართველომ შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შანსიც დაკარგა. გაუფასურებულ ლართან და შეყვეტილ დაფინანსებებთან ერთად, ეს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა. ერთი მხრივ, ფერმერებს ადგილობრივი წარმოების ხელმშემწყობი ფულადი რესურსი უქრებათ, მეორე მხრივ, მრავალმილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, ნაწარმის რეალიზაციისთვის. რადგან აშშ-ისგან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტა ავტომატურად ნიშნავს მხარებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პროცესის გაჩერებასაც, კიდევ უფრო შორდება ქართველი ფერმერი შეერთებული შტატების მაღალმსიდველუნარიან საექსპორტო ბაზარს.
“ქართული ოცნება” ცდილობს სურათი ისე დახატოს, თითქოს, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული საქართველოსთვის არაფერი მომხდარა. პროგნოზირებენ, რომ ურთიერთობები ახალი ხელისუფლების პირობებში (დონალდ ტრამპზეა საუბარი), გადაიტვირთება. ამის არ სჯერა საზოგადოების დიდ ნაწილს (29 ნოემბრიდან დღემდე ქუჩაში გამოსულ ათობით ათას მოქალაქეს).
ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვთხოვეთ საკუთარი პოზიცია გაეცნო ჩვენთვის ამ თემასთან დაკავშირებით. სამინისტროსაც და უშუალოდ დაფინანსების გამცემ სააგენტოსაც, სოფლის განვითარების სააგენტოსაც მივმართეთ კითხვით: როგორ აისახება სოფლებზე, სოფლის მეურნეობაზე და ფერმერებზე აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის, შესაბამისად, დაფინანსებების, შეწყვეტა და ასევე ვთხოვეთ მოეწოდებიონათ დაჯამებული ინფორმაცია 2012 წლიდან დღემდე რა საინვესტიცუიო ღირებულების რამდენი პროექტი დაფინანსდა ამერიკელი ხალხის მიერ უშუალოდ აგრარულ და გარემოსდაცვით მიმართულებაში. უწყებიდან ამ საკითხზე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. პრესსამსახურებიც დუმან.
იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად, კონკრეტული ციფრებით დაგანახოთ, რა გაკეთდა სოფლის მეურნეობისთვის შეერთებული შტატების მიერ, გადავხედე ჩვენს არქივს და შემიძლია იმ პროგრამების დაჯამებული მაჩვენებლები გაგაცნოთ, რომლებზეც ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიას რეგულარულად ვუყვებოდით.
როგორც USAID-ის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ მიმდინარე წლის ზაფხულში გვითხრა, 31 წელია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, იგივე USAID, მუშაობს ჩვენს ქვეყანაში და მისი საშუალებით ამერიკელმა ხალხმა საქართველოს მილიარდ 900 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია. ამაჟამად USAID 39 პროგრამას აფინანსებს (2024 წლის ზაფხულის მაჩვენებელი), რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონი დოლარია, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. ერთ-ერთია “ძლიერი სოფლის პროგრამა“, რომელიც მოიცავს 94 თემს და 11 მუნიციპალიტეტს. ესენია: ყაზბეგი, დუშეთი,კასპი, გორი,ქარელი,ხაშური,საჩხერე, ონი, ზუგდიდი, წალენჯიხა და მესტია.
კიდევ ერთი პროგრამის, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, შედეგებზეც მოგიყვებით: ის ხუთნახევარი წელი მიმდინარეობდა და მიმდინარე წლის მარტში დასრულდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მთავრობის წევრებმა, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა სიამაყით მოიწონეს თავი ამერიკელი ხალხის დაფინანსებით მიღწეული შედეგებით, კერძოდ: ხუთნახევარი წლის განმავლობაში ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში ევროპული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაიხარჯა 26 მილიონ 880 ათასი დოლარი. ეს თანხა სრულად მოხმარდა ქართული აგრარული დარგების განვითარებას, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას, დასტიმულირდა დასაქმება, გაიზარდა მიკრო, მცირე და სასუალო აგროსაწარმოების შემოსავლები. ამერიუკელი ხალხის ფულის აგროგადამამუშავებელ საწარმოებს გარემოსდაცვითი პრაქტიკების დანერგვაშიც დაეხმარნენ. გაიცა 131 გრანტი, 7 მილიონ 600 ათასი დოლარის ოდენობით.
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇