ასკილი ბუნების ვიტამინების საუნჯეა.
ასკილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეა საქართველოში. ის მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი, ზოგჯერ ეკლიანი ბუჩქია, რომლის ნაყოფი — ხორციანი კაკლუჭა — შემოდგომაზე წითელ ან ნარინჯისფერ ფერს იღებს. ცნობილია ასკილის 400-მდე სახეობა, მათგან საქართველოში 25 იზრდება, 5 კი ენდემურია.
ასკილის ნაყოფი შეიცავს დიდ რაოდენობით C ვიტამინს — 40–50-ჯერ მეტს, ვიდრე ლიმონში. ასევე შეიცავს B, K, E, PP ვიტამინებს, კაროტინს, რკინას, კალციუმს და ფიტონციდებს. მისი ნაყენი და ჩაი გამოიყენება გრიპის, გაციების, სისხლნაკლებობის, ღვიძლის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებებისას.
ასკილი წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. სამკურნალო თვისებები აქვს არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ ფესვს, ფოთოლსა და თესლსაც — თესლის ზეთი ცნობილია როგორც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.
ასკილის ნაყოფი იჭმება ნედლადაც და დაკონსერვებულადაც. მისგან ამზადებენ ნაყენებს, ჩაისა და ექსტრაქტებს — ნამდვილ ბუნებრივ ენერგიას, რომელიც ამაღლებს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას და იცავს ჯანმრთელობას მთელი წლის განმავლობაში. ნაყოფის შეგროვება ხდება სრული სიმწიფის პერიოდში, როდესაც ისინი მკვეთრ წითელ ფერს მიიღებენ (აგვისტო-ოქტომბერი). ნაყოფი უნდა იყოს მკვრივი, დაუზიანებელი. აშრობენ საშრობებში 40-60°C ტემპერატურაზე, ან ღია ცის ქვეშ, ჩრდილში, თხელ ფენად გაშლილს.
გამხმარი ნაყოფი ინახება მშრალ, გრილ, ბნელ ადგილას, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. ფოთლების და ყვავილების შეგროვება ხდება ყვავილობის პერიოდში. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება, როგორც ველურად, ისე კულტურაში. იზრდება ტყისპირებში, ბუჩქნარებში, მდელოებზე, მთის ფერდობებზე, გზისპირებზე.
