Skip to content Skip to footer

რა გავლენა ექნება რუსეთიდან მაგარი ხორბლის ექსპორტის აკრძალვას საქართველოს ბაზარზე

რუსეთში სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი დეკემბრიდან 2024 წლის 31 მაისამდე მაგარი ხორბლის ექსპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. გადაწყვეტილების შესაბამისი დოკუმენტი სამინისტრომ უკვე შეიმუშავა, რომლის მიხედვით აკრძალვა მხოლოდ ბელარუსს არ შეეხება.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში “აგრო სიახლეებისთვის” განმარტავენ, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ გარკვეული დაბნეულობა და აჟიოტაჟი გამოიწვია. ასოციაცია განმარტავს, რომ დადგენილების პროექტი მხოლოდ მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვას ( კოდი 1001 11 და 1001 19) ეხება, რომლის გამოყენების სფეროა მაკარონის წარმოება, აღნიშნული კატეგორიის ხორბალი შეადგენს რუსეთის ხორბლის მთლიანი მოსავლის 1%-ს ).

„აკრძალვა არ ეხება რბილი კატეგორიის ხორბალს, რომელიც პურის ინდუსტრიაში გამოიყენება და რომელიც საქართველოში შემოდის. აქედან გამომდინარე არავითარი გავლენა ამას საქართველოს ბაზარზე – გვინდა აქვე განვმარტოთ, რომ საქართველოში დღეს არსებობს 2 თვეზე მეტი მოხმარების ხორბლის რაგი და იმპორტიც და ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება წისქვილკომბინატების მიერ შეუფერხებლად ხორციელდება, შესაბამისად ამ მხრივ სრულად დაცულია სასურსათო უსაფრთხოება“, – განუცხადეს “აგრო სიახლეებს” ასოციაციაში.

ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტის, ლევან სილაგავას, განმარტებით, ლოგისტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის კვლავ ძირითად მომწოდებლად რჩება.

“რუსეთი გეოგრაფიულად ყველაზე ახლოსაა, თუ ხორბლის მიწოდება შეწყდა, ჩვენ გვაქვს გარდამავალი მარაგები, რომელსაც უზრუნველყოფენ წისქვილები, მათი მუშაობის პრინციპი კი ასეთია, ადგილზე ხორბალი, გზაში ხორბალი და ახალი კონტრაქტი, იმ შემთხვევაში თუ წყვეტის საშიშროება შეიქმნა, ჩვენ მარაგების ხარჯზე სხვა ბაზარზე გადავალთ უმტკივნეულოდ, უფრო ძვირზე მაგრამ საშუალო შეწონილი ფასით გადავდივართ სხვა ბაზარზე და ამას დარტყმისებური ეფექტი არ ექნება. ამიტომ ამ მიმართულებითაც გამოწვევა არ არსებობს,” – აზუსტებს სილაგავა.

შეგახსენებთ, მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო საფასური 50 ლარით გაზარდა, ქატოსა და ქერზე კი, ახალი საფასური დააწესა,100 ლარის ოდენობით. ლევან სილაგავა ამაზეც აკეთებს განმარტებას.

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პურის ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი, რაც ივნისიდან არის შემოღებული, არ არის მიმართული ბიუჯეტიდან რაიმე თანხის აღებაზე, ეს არის მხოლოდ გათანაბრება. გადაწყვეტილებამ ბოლო 5 თვის განმავლობაში უზრუნველყო 12 მლნ ლარის გადახდა ბიუჯეტისთვის(სტატისტიკის მიხედვით ბოლო 5 თვეა , ყოველ თვეში შემოდის დაახლოებით 12 000 ტონა ფქვილი , ა ხნის განმავლობაში ქვილის იმპორტის მოსაკრებელი შეადგენდა 200 ლარს ტონაზე. 12 000 ტონა x 200ლარი = 2 400 000 ლარი /თვეში . 5 თვეში მოსაკრებლის სახით ფქვილის საიმპორტო გადასახადიდან შევიდა დაახლოებით 12 მილიონ ლარი. 2 400 000 ლარი x 5 თვე =12 000 000 ლარი ). ეს ხაზს უსვამს, რომ შემოთავაზებული ფორმულა საკმაოდ ნორმალური იყო და ვინიცობაა პურის გაძვირება დაიწყოს, ეს 12 მლნ ლარი, ანუ თვეში 2 მლნ, ფაქტობრივად აბალანსებს შესაძლო პურის გაძვირებას,” – ამბობს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.