მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების შემოყვანის წესები შეიცვალა.
ახალი კანონდათქმით, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის შემოყავანა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
- საზღვარზე ცხოველების შემოყვანის მაქსიმალური რაოდენობა ხუთს არ უნდა აღემატებოდეს,
- თქვენი ოთხფეხა მეგობრის დაჩიპვა (ვეტ-პასპორტში მიკროჩიპის აღნიშვნა);
- ცხოველის ცოფის დამადასტურებელი აცრა (12 კვირამდე ასაკის ცხოველების გარდა);
- კომპლექსური ვაქცინაცია უცხოური პრეპარატებით;
- საქართველოში შემოსვლამდე ბოლო ხუთი დღის ვადაში ჭიებზე დამუშავების დოკუმენტი;
- ცხოველის პასპორტი, ან ჯანმრთელობის სერთიფიკატი.
შეგახსენებთ, ძაღლის საბელისა ან ალიკაპი გარეშე ღია სივრცეებში გაყვანისთვის, ჯარიმა გაიზარდა.ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა.
ასევე მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო. დაგეგმილი ცვლილებებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია – დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი: – ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ – დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია – ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით, ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ – ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
“ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მართალია, “სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადია, თუმცა აღნიშნული დანაშაულის უკეთ პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია, მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ინფორმაციისთვის, პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონის პროექტის განხილვაზე დაჩქარებული წესით მუშაობს. დოკუმენტმა ცხოველების მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობის საკითხები უნდა დაარეგულიროს. რა შენიშვნები აქვთ ცხოველთა დამცველებს და მეპატრონეებს? რას იწონებენ ვეტერინარები და არასამთავრობო ორგანიზაციები? – ყველა მხარის მოსაზრებები ნახეთ გადაცემა „აგრო სიახლეებში“. ?