Skip to content Skip to footer

რთველი კრეფამდე იწყება – 5 შეცდომა, რომელსაც მევენახეებმა თავი უნდა აარიდონ

ორგანიზებული რთველი რეალურად ყურძნის დაკრეფის დღით არ იწყება. კარგი მევენახე დაახლოებით 2–3 კვირით ადრე უკვე უნდა გეგმავდეს პროცესს.

  1. ჯერ განსაზღვროს, როდის არის ყურძენი რეალურად მზად. რთველის თარიღი მხოლოდ იმის მიხედვით არ უნდა შეირჩეს, რომ „სოფელში ყველამ დაიწყო“. რეკომენდებულია მოსალოდნელ კრეფამდე 2–3 კვირით ადრე შაქრიანობისა და მჟავიანობის კონტროლის დაწყება. ნიმუში უნდა იყოს წარმომადგენლობითი: სხვადასხვა რიგიდან, მზისა და ჩრდილის მხრიდან და მტევნის სხვადასხვა ნაწილიდან. რთველის მოახლოებისას შემოწმება უკვე ყოველდღიურადაც შეიძლება გაკეთდეს. საველე პირობებში ამისთვის ყველაზე მარტივი საშუალება რეფრაქტომეტრია.
  2. წინასწარ იცოდეს, ვის აბარებს ყურძენს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მევენახემ კრეფის დაწყებამდე უნდა შეათანხმოს მყიდველთან ფასი, მოთხოვნილი შაქრიანობა და ხარისხი, რომელ დღეს და რა რაოდენობის ყურძნის მიღება შეუძლია საწარმოს, როგორ ხდება აწონვა და ვინ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. ყველაზე ცუდი სცენარია, როცა ყურძენი უკვე მოკრეფილია და ფერმერი ამის შემდეგ იწყებს მყიდველის ძებნას. 2026 წელს სახელმწიფო ჭარბი მოსავლის შესყიდვაში ერთვება იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება.
  3. ვენახი დაყოს ნაკვეთებად და ყველა ყურძენი ერთდროულად არ მოკრიფოს. ერთსა და იმავე ვენახშიც კი სხვადასხვა ნაწილი შეიძლება განსხვავებული ტემპით მწიფდებოდეს. ამიტომ კარგი პრაქტიკაა წინასწარ შედგეს რიგითობა: რომელი ნაკვეთი იკრიფება პირველ დღეს, რომელი მეორე ან მესამე დღეს. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს იმ უბნებს, სადაც ყურძენი უკვე სრულ სიმწიფეშია ან სიდამპლისა და დაზიანების რისკი იზრდება. წარმომადგენლობითი ნიმუშის აღება სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი ყველაზე მწიფე მტევნის მიხედვით მთელი ვენახის მდგომარეობა არ შეფასდეს.
  4. მუშახელის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ტრანსპორტისა და მიმღები საწარმოს შესაძლებლობას. ბევრი მკრეფავი ყოველთვის უკეთეს ორგანიზებას არ ნიშნავს. თუ ერთ საათში რამდენიმე ტონა ყურძენი იკრიფება, მაგრამ მანქანა ან ქარხანა მის მიღებას ვერ ასწრებს, ყურძენი სიცხეში რჩება. ამიტომ წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული ვინ კრეფს, ვინ აგროვებს, ვინ ახარისხებს, ვინ ტვირთავს და რომელი მანქანა რომელ პარტიას წაიღებს. პრაქტიკული პრინციპია: არ დაკრიფო იმაზე მეტი, ვიდრე იმავე დღეს შეგიძლია დროულად გაიტანო და ჩააბარო.კრეფისასვე უნდა მოხდეს ხარისხის პირველადი კონტროლი. დამპალი, ძლიერ დაზიანებული ან დაავადებული მტევნები ჯანსაღ ყურძენში არ უნდა აირიოს. ასევე უნდა შემცირდეს ფოთლების, რქებისა და სხვა უცხო მასალის მოხვედრა ჭურჭელში. ტრანსპორტირებისას ყურძნის ზედმეტი დაწნეხა მარცვალს აზიანებს, გამოყოფილი წვენი კი ზრდის დაჟანგვისა და არასასურველი მიკრობიოლოგიური პროცესების რისკს.
  5. ცხელ ამინდში კარგი გადაწყვეტილებაა დილით ადრე კრეფა. რაც უფრო დიდხანს დგას დაკრეფილი ყურძენი მაღალ ტემპერატურაზე, მით უფრო სწრაფად უარესდება ნედლეულის მდგომარეობა. საერთაშორისო მეღვინეობის პრაქტიკაში ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ დღის შედარებით გრილ მონაკვეთში კრეფაა და კრეფიდან გადამუშავებამდე დროის მაქსიმალურად შემცირება. წვიმის დროს ან მის დასრულებისთანავე კრეფაც სასურველი არ არის, თუ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან წყალი შეიძლება შაქრის კონცენტრაციაზე და ყურძნის მდგომარეობაზე აისახოს.
  6. სხვადასხვა ხარისხის ყურძენი ცალკე პარტიებად უნდა დარჩეს. მაგალითად, თუ ერთ ნაკვეთში მევენახეს აქვს მაღალი შაქრიანობის, ჯანსაღი ყურძენი და ნაწილობრივ დაზიანებული ყურძენიც, მათი ერთმანეთში შერევამ შეიძლება მთლიან პარტიას დაუკარგოს მაღალი ხარისხის კატეგორია. ეს 2026 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო შესყიდვის ფასი პირდაპირაა დაკავშირებული როგორც შაქრიანობასთან, ისე ყურძნის მდგომარეობასთან. ამჟამინდელი წესით, კახეთში დაუზიანებელი საფერავი არანაკლებ 21% შაქრიანობით 1.50 ლარად ფასდება; 17–21% ან ნაწილობრივ დაზიანებული საფერავი 0.90 ლარია. სხვა ნებადართული ჯიშების დაუზიანებელი ყურძნისთვის მაღალი კატეგორია იწყება არანაკლებ 20%-იანი შაქრიანობიდან და ფასი 1.30 ლარია.
  7. მევენახემ უნდა აწარმოოს საკუთარი პატარა „რთველის ჟურნალი“. რომელ ნაკვეთში რა შაქრიანობა დაფიქსირდა, როდის მოიკრიფა, რამდენი კილოგრამი მივიდა საწარმოში, რა ხარისხით ჩაიბარა მყიდველმა და რა ფასი გადაიხადა. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია რამდენიმე ნაკვეთის მქონე მეურნეობისთვის და მომავალ წელსაც აჩვენებს, რომელი ვენახი როგორ მწიფდება.

სპეციალისტების მთავარი რჩევაა: რთველის თარიღი არა მხოლოდ კალენდრით, არამედ ყურძნის სიმწიფის, შაქრიანობისა და ჯანმრთელობის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

სწორად დაგეგმილი რთველი ნაკლებ დანაკარგს, უკეთეს ხარისხს და ფერმერისთვის უფრო მომგებიან რეალიზაციას ნიშნავს.

ორგანიზებული რთველი ნიშნავს: ყურძენი შემოწმებულია, მოძებნილია მყიდველი, შეთანხმებულია ჩაბარების დრო, მხოლოდ ამის შემდეგ შედის მუშახელი ვენახში და დაკრეფილი ყურძენი მაქსიმალურად სწრაფად მიდის მიმღებ საწარმომდე. ანუ ფერმერმა რთველის დღეს კი არ უნდა დაიწყოს ფიქრი, „ახლა ეს ყურძენი სად წავიღო?“, არამედ ეს საკითხი კრეფამდე უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი.

2026 წლის რთვლის საკოორდინაციო შტაბი გურჯაანში უკვე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მევენახეებს ინფორმაციისა და პრობლემების კოორდინაციაში ეხმარება. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცხელი ხაზებია 1501 და 032 219 37 18