მწარმოებლების ინფორმაციით, კვერცხის ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება წინასააღდგომოდ მოსალოდნელი არ არის.
მეფრინველეთა ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ უჩუმბეგაშვილის, თქმით, კვერცხი არ გაძვირდება, მაგრამ გაიაფების მოლოდინიც არ უნდა იყოს.
„სააღდგომოდ კვერცხის ფასს ვერ შევეხებით. ის ისედაც გაძვირებულია ბოლო პერიოდში 15-20%-ით, ასე რომ კიდევ უფრო ვერ გავზრდით ფასს, თუმცა ვერც გაიაფება მოხერხდება, რადგან ქართული კვერცხის თვითღირებულებაა მაღალი. სააღდგომოდ არც კვერცხის დეფიციტია მოსალოდნელი,- ბაზარს მიეწოდება საჭირო რაოდენობის ახალი კვერცხი. ქართული წარმოების კვერცხის ხარისხზე პასუხს ვაგებთ. ის უსაფრთხო და მაღალი ხარისხისაა,” – ეუბნება “აგრო სიახლეებს” ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაძვირდა კვერცხი ბოლო თვეების განმავლობაში, ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, რომ ფასს ზრდისკენ ბიძგი პანდემიამ მისცა, მას თან დაერთო რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც ფრინველის საკვების შემოტანა გაძვირდა და ბოლოს ამ ყველაფერს ბიზნესისთვის კომუნალური გადასახადების ზრდამაც იქონია გავლენა.
“ბოლო 3 წელიწადში პროდუქტის ფასმა 25-30%-ით მოიმატა. ელექტროენერგიის გადასახადი გაგვიორმაგდა, 50%-ით გაგვიძვირდა გაზი. საშუალოდ ერთი წიწილის გამოზრდას +35 გრადუსი სჭირდება. რაც უფრო დიდია საწარმოს სივრცე, მით მეტი ენერგიაა საჭირო”, – გვეუბნება ,,კუმისის” ხელმძღვანელი, მეფრინველეთა ასოციაციის პრეზიდენტი.
საქართველოში კვერცხის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 36,550 მლნ ცალი (5,834 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წელს – 17,139 მლნ ერთეული (1,218 მლნ აშშ დოლარი).
2022 წელს იმპორტირებული კვერცხის 89,5% თურქეთზე მოდის.