წყნარ ოკეანის ეკვატორულ ნაწილში კლიმატის ფენომენ ლა-ნინიას (La Niña) განვითარება დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებაში, რომელსაც EuroNews ავრცელებს.
კლიმატოლოგების მიერ ლა-ნინია კლიმატური ციკლის ბუნებრივ მოვლენადაა შეფასებული და მთელს პლანეტაზე ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს იწვევს. ლა-ნინია რეგულარულად წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩნდება. ამ დროს აღმოსავლეთის ქარს თბილი წყალი პერუსა და ჩილეს სანაპიროებიდან ინდონეზიისა და ავსტრალიისკენ გადააქვს, ცივი წყალი ზღვის სიღრმიდან ზედაპირზე ამოდის და რეგიონში სიცივე ფორმირდება. წელს პროგნოზირებენ, რომ ამინდის ეს მოვლენა ჩვეულებრივზე მოკლე და სუსტი იქნება.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლა-ნინიას გამო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი ნალექი მოვიდეს, ატლანტის ოკეანეში კი ქარიშხლის აქტივობის გაზრდის რისკია.
NOAA-ს მეცნიერების მონაცემებით, 2020-დან 2023 წლამდე დედამიწამ ზედიზედ ლა-ნინიას სამი მოვლენა განიცადა.
გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტი გაფრთხილებას იძლევა, რომ ლა-ნინიას მოვლენების სიხშირემ შესაძლოა, დამატებით სტრესში ჩააგდოს ისეთი რეგიონები, რომლებიც ბოლო დროს გვალვას ებრძოდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოსავლეთ აფრიკაა.
განმარტება რედაქციისგან: მიუხედავად იმისა, რომ ელ ნინიას რისკი საქართველოში მინიმალურია, კლიმატის გლობალური ვცლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი ამ მხრივ განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, მწვანე ენერგიებზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება.