აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვეტილია. ინიციატორი ამერიკული მხარეა. ესაა პასუხი საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, 2028 წლამდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან ჩახსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნასთან ერთად სწორედ ამ გადაწყვეტილების შეცვლა არის ახლა პარლამენტთან აქციებზე გამოსული მრავალრიცხოვანი მოქალაქეების მოთხოვნაც.
მაინც რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, რას კარგავს ამით ჩვენი ქვეყანა (სოფლები, რეგიონები, სოფლის მეურნეობა, რიგირთი ფერმერი, ბიომრავალფეროვნება, მოკლედ რომ ვთქვათ აგროგარემო, რომელშიც ჩვენ ცხოვრება გვიწევს).
“ქართული ოცნება” ცდილობს სურათი ისე დახატოს, თითქოს მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული საქართველოსთვის არაფერი მომხდარა. პროგნოზირებენ, რომ ურთიერთობები ახალი ხელისუფლების პირობებში (დონალდ ტრამპზეა საუბარი), გადაიტვირთება. ამის არ სჯერა საზოგადოების დიდ ნაწილს (29 ნოემბრიდან დღემდე ქუჩაში გამოსულ ათობით ათას მოქალაქეს) და, მათ შორის, არც თეა გოდოლაძეს, რომელიც წლებია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ფასდაუდებელ წვლილზე და შეუფასებელ როლზე საუბრობს სეისმოლოგიურ სფეროში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი ჩვენთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ ზარალზე, რასაც ჩვენი ქვეყანა, მისი თითოეული მოქალქე განიცდის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტით.
ამერიკული დაფინანსების შენარჩუნება ინსტიტუტმა ამჟამად მოახერხა, თუმცა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ამინდის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თეა გოგდოლაძე დარწმუნებულია, რომ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება და, თანამშრომლობით, წლების ნაკეთები საქმე წყალში ჩაიყრება.
რა დააკლდება საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, გარემოს დაცვას, ეკოლოგიას და სხვა მომიჯნავე სფეროებს საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობიდან გასვლით, “აგრო სიახლეებს” უხსნის ბიომრავალფეროვნების მიმარეთულებით მომუშავე გარემოსდამველი კახა არცივაძე. ის განმარტავს, რა კეთდებოდა წლების განმავლობაში, ამ მხრივ, ამერიკელი ხალხის დაფინანსებით.
„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან გარემოსდაცვით სფეროში გაკეთებული უმნიშვნელოვანესი საქმის ანალიზისას, ფულადი რესურსის მასშტაბთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს იმ ექსპერტულ ცოდნაზე, რაც ამ ფულს, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე და, რაც მთავარია, ტექნოლოგიურ დახმარებაზეც, რაც ასე სჭირდება ქვეყანას, განსაკუთრებით, კლიმატთან ადაპტაციისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების მონიტორინგიც, რაც, ჩხობაძის განმარტებით, სრულად ტექნოლოგიური პროცესია და დამოუკიდებლად ამის გაკეთება ჩვენს ქვეყანას, გარემოსდამცველის თქმით, ძალიან გაუჭირდება. ენერგოეფექტურობაზე, კლიმატგონივრულობაზე, კლიმატმედეგობაზე როცა ვსაუბრობთ, ნინო ჩხობაძე გვეუბნება, რომ ამერიკა ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა, რომელთანაც ჩაბმა საქართველოსთვის ამ ტურბულენტურ, ელვის სისწრაფით ცვალებად კლიმატში, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვთხოვეთ, საკუთარი პოზიცია გაეცნო ჩვენთვის ამ თემასთან დაკავშირებით. სამინისტროსაც და, უშუალოდ, დაფინანსების გამცემ სააგენტოსაც, სოფლის განვითარების სააგენტოსაც, მივმართეთ კითხვით: როგორ აისახება სოფლებზე, სოფლის მეურნეობაზე და ფერმერებზე, ასევე გარემოსდაცვით მიმართულებებში, კლიმატის დაპირების აღსრულების ნაწილშიც, აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის, შესაბამისად, დაფინანსებების, შეწყვეტა და ასევე ვთხოვეთ მოეწოდებიონათ დაჯამებული ინფორმაცია 2012 წლიდან დღემდე რა საინვესტიცუიო ღირებულების რამდენი პროექტი დაფინანსდა ამერიკელი ხალხის მიერ უშუალოდ აგრარულ და გარემოსდაცვით მიმართულებაში. უწყებიდან ამ საკითხზე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. პრესსამსახურებიც დუმან.
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇