საქართველოში ახალი წელი მხოლოდ ერთი ერის დღესასწაული არ არის — ეს არის საერთო ზეიმი, სადაც 31 დეკემბრის ღამით ქართველებთან ერთად დღესასწაულს აღნიშნავენ ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, რუსები, აფხაზები, ქურთები და სხვა ეთნიკური ჯგუფები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ახალი წელი სხვა დროსა და სხვა ტრადიციებით აქვს, წლის ბოლო ღამე საქართველოში ყველასთვის საერთო დღესასწაულად იქცა.
ებრაული ოჯახები ნაძვის ხეს რთავენ, ამზადებენ ქართულ სუფრას — საცივს, ქათამს, სალათებს, ხოლო სანდლერების ოჯახში საახალწლო კულინარიული რიტუალი პაშტეტის მომზადებაა, დედის ძველი რეცეპტით.
აზერბაიჯანულ ოჯახებში ახალ წელს მუღამის ჰანგებით, ცეკვითა და ტკბილი ფლავით ხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნამდვილი ახალი წელი — ნოვრუზი — გაზაფხულზეა.
ოსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 12 საათზე ყველა ოჯახში იყოს, სუფრაზე კი აუცილებლად დევს ხაბიზგინა და მწვადი, ხოლო ბინათიხცავის დღეს — მამალი.
აფხაზები ახალ წელს ოჯახის უხუცესთან იკრიბებიან და ამზადებენ ამგვაჩაფას, რომელიც ღომთან ერთად მიირთმევა.
პონტოელი ბერძნები ინარჩუნებენ ნიღბებით მსვლელობისა და საახალწლო პურის ტრადიციას, ხოლო ლხინის მთავარი ნაწილი ბერძნული ფერხულია, “სირტაკი” რომ ჰქვია.
ქურთები და იეზიდები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ახალი წელი გაზაფხულზე მოდის, დღეს 31 დეკემბრის ზეიმი საკუთარ დღესასწაულად აქვთ გათავისებული და სუფრაზე ქართულ კერძებს ამზადებენ.
სომხურ ოჯახებში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის გოზინაყი და ვაზის ფოთლის ტოლმა, ისმის მრავალჟამიერი და პრეზიდენტის მილოცვა.
ახალ წელს ზეიმობენ ქისტებიც, ეთნიკური ჩეჩნები, რომლებიც საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გადმოვიდნენ და კახეთში, პანკისის ხეობის სოფლებში დასახლდნენ. საახალწლო სუფრაზე ქართულ კერძებთან ერთად ქისტურ ტრადიციულ კერძებსაც ამზადებენ, მაგალითად ჯიშ გალინიშს. ნაძვის ხესაც დგამენ და ახალი წლის ღამესაც, როგორც ამბობენ, ფეიერვერკებსაც ისვრიან. ღამით კი ხეობის მუსლიმი ქალები და კაცები ცალ-ცალკე ლოცულობენ.
საქართველოში ახალი წელი არის ერთიანობის, თანაცხოვრებისა და საერთო სიხარულის დღე, სადაც განსხვავებული ტრადიციები ერთ დიდ სუფრაზე იკრიბება.
