სოფლის განვითარების სააგენტო, 2022 წლიდან ახორციელებს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობის ანაზღაურებას: სერტიფიცირება, საკონსულტაციო მომსახურება, მევენახეობისა და მეფუტკრეობის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რა დროსაც ბიოწარმოების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.
„შემუშავდა და დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი – ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის ახალ რეგულაციასთან და მისი ამოქმედება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბაზარზე ბიოპროდუქციის ექსპორტს, რაზედაც მოთხოვნა, დამეთანხმებით, საკმაოდ მაღალია“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ამასთან, მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მერძევეობის მიმართულებით, 2020-2022 წლებში, 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა.
„მერძევეობის მოდერნიზაციის მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD), რომლის ფინანსური მხარდაჭერით, 2020-2022 წლებში, 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა. ჯამური ინვესტიცია 28 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 20 მლნ ლარზე მეტია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისივე თქმით, 2023 წელს, დამატებით, 500-მდე ბენეფიციარის დაფინანსება არის გათვალისწინებული; მიმდინარე წლის ინვესტიციის ოდენობა 11 მლნ ლარს აღემატება, ხოლო თანადაფინანსებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა.
„პროგრამის ფარგლებში ძირითადად ფინანსდება რძის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისათვის, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა, ვეტერინარია და სანაშენე საქმიანობა,“ – აღნიშნა შამუგიამ.
გარდა ამისა, მინისტრმა სათესლე და სარგავ მასალაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია.
„სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების ფარგლებში, შეიქმნა კვალიფიციურ სათესლე და სანერგე მეურნეობების ერთიანი რეესტრი (მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა). 2022 წელს, სერტიფიცირებული სათესლე მასალის რაოდენობამ 1400 ტონა, ხოლო სერტიფიცირებული სარგავი მასალის რაოდენობამ 1.3 მლნ ნერგი შეადგინა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოში თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
სახელმწიფომ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2022 წლიდან დაიწყო, რომლისთვისაც პირველადი ბიუჯეტი 300 ათასი ლარი გამოყო. დეტალები ნახეთ აქ ?