Skip to content Skip to footer

როგორ უნდა მოვიქცეთ დიდთოვლობისას და შემდგომ პერიოდში? – რეკომენდაციები

რა უნდა ქნათ, თუ თქვენი სახლის სახურავზე თოვლის მასა საშიშ ზღვარს უახლოვდება? – ესაა კითხვა, რომელიც მოქალაქეებისგან ჩვენს რედაქციას “ინბოქსში” შემოდის. შეგახსენებთ, რომ თქვენი უფლებაა დახმარებისთვის მიმართოთ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს და მათი ვალდებულებაა აღმოგიჩინონ დახმარება, თუმცა, დიდი ალბათობით, მათგან დახმარებას ვერ მიიღებთ, ან დაგვიანებით მიიღებთ (ამას ადასტურებსთავად მოქალაქეებისვე მონაწერი წერილები). ამ შემთხვევაში, შეგვიძლია გირჩიოთ შემდეგი: გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური ჯგუფი სოციალურ ქსელში, რომლის მოსაძებნად უნდა აკრიბოთ “მოხალისეები გურიისთვის”. ამ ჯგუფში როგორმე უნდა დაპოსტოთ თქვენი საჭიროება. ასევე შექმნილია ვებგვერდი – Moxalise.ge შეიქმნა. შექმენით ტელეგრამი და შეუერთდით ჯგუფში – @guria_sos, ამის შემდეგ მოიწერეთ სად გჭირდებათ დახმარება. დახმარებას ვინც ითხოვთ, გთხოვთ, რაიონის დაწერამდე გამოიყენოთ ჰეშთეგი # (მაგ. #ოზურგეთი) ან დააკომენტარეთ Nakaidze Nini-ს პოსტების ქვეშ, თითო რაიონს ცალკე პოსტი აქვს. ინფორმაცია უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და კარგად აღწერილი: (ადგილმდებარეობა/სახელი/ტელეფონი/ Google Maps-ის ლინკი/და აღწერა)”, – წერს ლინა მხითარიანი ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“.

კლიმატის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტი გიორგი მუხიგული კი მოსახლეობას, ასევე სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციები ასეთია:

1. მგზავრობის შეზღუდვა – მოერიდეთ საგზაო გადაადგილებას, თუ ეს გადაუდებლად აუცილებელი არ არის.

2. გათბობის უსაფრთხოება – გადაუდებელ სიტუაციაში ღია ცეცხლის (მაგალითად, გაზქურები) სახლის გასათბობად გამოყენებისას ხშირად ანიავეთ ოთახი, რათა თავიდან აიცილოთ ნახშირჟანგით მოწამვლა. თუ გათბობის სისტემა გაზზე მუშაობს, დარწმუნდით, რომ გამწოვი მილები არ არის გადაკეტილი.

3.სახურავის გადატვირთვის კონტროლი – თოვლის დიდი მასა სახურავს შეიძლება დააზიანოს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მოაშორეთ ზედმეტი თოვლი.

4. გარე კომუნიკაციების დაცვა – მოერიდეთ თოვლისგან გადახრილ ელექტროგადამცემ ბოძებს და დაზიანებულ მავთულებს.

ნალექის შემცირების და გზების გაწმენდის შემდეგ არ იფიქროთ რომ დამთავრდა ყველაფერი, თოვლის დნობის შემდეგ შესაძლოა უფრო დიდი საფრთხეები გააქტიურდეს განსაკუთრებით გურიაში სადაც გეოლოგიური საფრთხეები ისედაც მრავლადაა.

5. გაწმინდეთ სადრენაჟე არხები, რათა დამდნარი წყალი თავისუფლად გაედინოს.

6. გაამაგრეთ სახლის მიმდებარე ტერიტორია, რათა წყლის მოზღვავება თავიდან აირიდოთ.

7. ერიდეთ მოლიპულ გზებს, რადგან თოვლის დნობამ შეიძლება მოყინული ფენები დატოვოს.

8.გადაადგილებისას შეამოწმეთ, არის თუ არა გზები უსაფრთხო და მოერიდეთ წყლით დაფარულ მონაკვეთებს.

9.თოვლის დნობამ შეიძლება მეწყერი ან ჩამოშლა გამოიწვიოს. თუ თქვენი სახლი ასეთ ზონაშია, ყურადღება მიაქციეთ ნიადაგის შესაძლო ცვლილებებს.

10. არ აყვეთ პანიკას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოხალისეთა სამაშველო ჯგუფები მალე მოვლენ და დაგეხმარებიან. იმედია ვისაც კანონით ევალება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროულად იმოქმედებს შემდგომი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მაინც.

ამისთვის კი საჭიროა:

გეოლოგიური მონიტორინგი – დიდთოვლობის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შეფასდეს მეწყრული ზონები, ნაპრალების, ხევების და მდინარეების კალაპოტების მდგომარეობა. გამოყენებულ იქნას დრონები და სატელიტური გამოსახულებები საფრთხეების სწრაფი იდენტიფიკაციისთვის. მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა, მათ შორის, სენსორებისა და სატელიტური დაკვირვებების გამოყენება.

გზებისა და ხიდების სტაბილურობის შეფასება – წყალგამტარი მილების, ხიდების და გზების მიმდებარე მონაკვეთების შემოწმება, რათა თავიდან ავიცილოთ გზის ჩანგრევა ან დატბორვა. საჭიროების შემთხვევაში დროული გაწმენდა და გაძლიერება.

წყლის ნაკადების მართვა – ყინულის დნობის შედეგად წარმოქმნილი წყლების სწორად განაწილება და სადრენაჟე სისტემების გაწმენდა, რათა არ მოხდეს ნიაღვრის დაგროვება და ღვარცოფის გამოწვევა.

მდინარეთა კალაპოტების დროებითი გაწმენდა, განსაკუთრებით კრიტიკულ უბნებში.

საზოგადოების ინფორმირება და მზადყოფნა – ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილება შესაძლო მეწყრული საფრთხეების შესახებ. საგანგებო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა.

გზებისა და დასახლებების გარშემო დროებითი დამცავი ზომები – მაღალი რისკის ზონებში ქვიშის ტომრების, ბეტონის ბარიერებისა და გამაგრებითი სტრუქტურების გამოყენება.

შეგახსენებთ, გურიაში სამდღიანი თოვის შემდეგ დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელი კავშირს სრულიად მოწყვეტილია. უგზოობა, უშუქობა, უსურსათობა, სახლების გადაუთოვლობა, სასწრაფო დახმარების ადგილზე ვერ მისვლა მოქალაეების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

სპეციალისტების შეფასებით, სტიქიაზე რეაგირების გეგმა არ არსებობს და, შესაბამისად, არც სისტემაა ამ მხრივ გამართული. მუნიციპალიტეტების კომპეტენცია, ტექნიკური და ფინანსური რესურსი არასაკმარისია. არც კი იციან, როგორ იმოქმედონ ასეთ საგანგებო ვითარებაში. მოხალისეების თვითორგანიზებული სამოქალაქო ჯგუფის რესურსები შეზღუდულია. მუნიციპალიტეტები ცხოვრობენ სტიქიიდან სტიქიამდე, გამოცდილება არაფერს ასწავლით. ელემენტარული, მონაცემებიც კი არ გროვდება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე და მათ საჭიროებებზე.

“ახლა ამ დიდთოვლობის ფონზე ჩანს, რა ისწავლეს სახელმწიფო სტრუქტურებმა ამ კატასტროფის შემდეგ – ქმედითი ვერაფერი, სამწუხაროდ. ამ პროცესების მართვა არაა მარტივი, თუმცა არც რთულია, როცა ამისი პოლიტიკური და ადამიანებზე ზრუნვის ნება არსებობს. […] თვითონ ადგილზე თემის მზაობა ცალკე პრობლემაა. სოფლებში სიღარიბე, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა… მამაკაცემის უმეტესობა ემიგრირებული… ხომ იცით, სოფლებში მოხუცები ცხოვრობენ ან სრულად ქალებს აქვთ გადაბარებული ოჯახზე ზრუნვის და უსაფრთხოების პასუხისმგებლობა. ახლა ამხელა თოვლს ეს ადამიანები უმკლავდებიან,”ამბობს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ექსპერტი მარიამ დევიძე.

სპეციალისტები მტკიცებითვე, დიდთოვლობასთან ერთად, გურიაში არსებობს რისკი, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს გურულების ყოფა და უფრო დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს. ეს არის უხვი ნალექის ფონზე საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების საფრთხე. დეტალები წაიკითხეთ აქ 👇