საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა, ბრიფინგზე განმარტა რატომ აიკრძალა და როდის და როგორ აღდგება რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. მისი განცხადებით, კვირის ბოლოს დაიდება მოკვლევის პირველადი შედეგი, რომელიც გამოავლენს საფრთხის დონეს.
წერეთლის მტკიცებით, რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აკრძალვის მიზეზი მეწყრის ჩამოსვლის საშიშროება გახდა, რადგან თოვლის დნობის შედეგად, გზასთან 200 მეტრში, გაჩნდა ბზარები. მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.
წერეთელი ამტკიცებს, რომ დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, მიმდინარეობს ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომლის დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები შეფასდეს.
რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურის 109 კმ-იან გზას, რომელზეც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს, რისთვისაც გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს..
ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილი 30 მარტს ჩაიკეტა.