რუსული კომპანია „როსნეფტი“ საქართველოს კანონმდებლობას წლებია არღვევს, თუმცა მისი სანქცირება არასდროს მომხდარა. ჩვენი რედაქცია საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2014 წელს დაინტერესდა, მაშინ როდესაც რუსეთმა საკუთარი გავლენების გაძლიერება უკრაინაში სცადა. „ღირსების რევოლუციის“ გზით უკრაინელმა ხალხმა, მართალია უდანაშაულო ხალხის სიცოცხლის ფასად, მაგრამ ოკუპანტების მცდელობა მოიგერია.
საქართველოს ოფიციალური პოზიცია არ დაუწესოს ოკუპანტ ქვეყანას სანქციები ახალი არ არის. 2014 წლის ჩვენი თემიდან ჩანს, რომ საქართველოს ოკუპირებული ნაწილის ტერიტორიულ წყლებში არალეგალურად მოქმედი რუსულ კომპანია „როსნეფტის“ სანქცირება, მიუხედავად იმისა, რომ კანონდარღვევის ფაქტის შესახებ ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, არც მაშინ მომხდარა.
რუსული კომპანიების მხრიდან საქართველოში საქმიანობის სურვილი ახალი არ არის, თუმცა უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მარწუხებში მოქცეული რუსული კაპიტალი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, მთლიანობაში, საქართველოში 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
TI-ის თქმით, საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად საქმიანობენ შვილობილი კომპანიების მეშვეობით. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირ ებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეიძლება სხვა ქვეყნის კომპანიის გავლით ეკუთვნოდეს რუსეთის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს. მათვე განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.
„2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრირებამ მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 190 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში – 2,140 კომპანია , აპრილში – 1 563, მაისში- 1 351 და ივნისში – 1 175. ჯამში, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6 419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ამგვარად, 2022 წლის მხოლოდ მარტი-ივნისში დარეგისტრირდა იმაზე 7-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში“, – ვკითხულობთ კვლევაში.