სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს სანაპირო ზოლში აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად 8 ლოკაცია გამოიყოფა. მინისტრის თქმით, ზონების საერთო მოცულობა დაახლოებით, 9 000 ჰექტარია.
მთავრობამ „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის
გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
„ეს ნიშნავს, ათეულ ათასობით ტონა თევზისა და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტების წარმოების შესაძლებლობას და ეტაპობრივად ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. ვფიქრობ, აკვაკულტურის დარგს ქვეყანაში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. აკვაკულტურის შესახებ კანონის მიღებისა და ამოქმედების შემდეგ, ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დარგში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის და წარმოების ხელშეწყობის. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას სხვა მიმართულებით – ტბებში, წყალსაცავებში, აკვაკულტურის წარმოების ხელშეწყობის კუთხით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაწარმოოთ მეტი პროდუქცია, რათა პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნა, დავასაქმოთ მეტი ადამიანი და მნიშვნელოვნად გავზარდოთ საექსპორტო შესაძლებლობები“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ზონების დადგენაში მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართულები. მისი თქმით, პროცესში სახელმწიფოს ევროკავშირი, ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) დაეხმარა.
ცნობისთვის, საქართველომ აკვაკულტურის კანონი 2020 წელს მიიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრი დარწმუნებულია, რომ 2021 წელი აკვაკულტურის პროექტების განხორციელების მიმართულებით იქნება გარდამტეხი და მომავალ წლებში საქართველო უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შეძლებს.
მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.
2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ. წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება. კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.
ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.