Skip to content Skip to footer

საქართველოდან ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოიხსნება

მთავრობა ხორბლის ექსპორტის აკრძალვას ვადაზე ადრე მოხსნის, – ამის შესახებ დღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღეში ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა მოვხსნათ. შესაბამისად, ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ფერმერებს, რომ უკვე თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებში და სივრცეში მოახდინონ არსებული ხორბლის რეალიზაცია, ვინაიდან, არ დგას არანაირი რისკი უზრუნველყოფის ნაწილში და სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში, ვინაიდან ქვეყანაში არსებობს როგორც ხორბლის და ასევე, ფქვილის მარაგი დაახლოებით, 2-3 თვის მარაგი მაინც და 3 თვის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ახალ მოსავალს. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოვხსნათ. ჩვენ ეს აკრძალვა ივლისამდე გვქონდა განკარგულებით”, – განმარტა მინისტრმა შამუგიამ.

მისივე პროგნოზით, წელს ქვეყანა ხორბლის უკეთეს მოსავალს ელის. 

“წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მოსავალი, დაახლოებით, 150 000 ტონის ფარგლებშია. ჩვენ რომ შევადაროთ, 2 წლის ჭრილში, დაახლოებით, 50%-იანი ზრდა გვაქვს ხორბლის ნაწილში”, – თქვა შამუგიამ. 

შეგახსენებთმ დღეს ქვეყანაში ყველა წისქვილი გაჩერებულია და მეხორბლე ფერმერებს შარშანდელი მოსავლის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ.

დასაწყობებულ ქერსა და ხორბალს ტილი უჩნდება. მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის რეალიზაციის პრობლემა 30-40 ათას ტონა ხორბალს აქვს.

ცნობისთვის, იმის გამო, რომ რუსულ ხორბალზე მაღალი მოსაკრებელია, ხოლო ფქვილი ამ ტიპის გადასახადისგან საერთოდ თავისუფალია,  რუსული ფქვილი, ფაქტობრივად, უკონკურენტო გახდა და იმპორტიორებს ურჩევნიათ შემოიტანონ პირდაპირ ფქვილი. შედეგად: ხორბლის იმპორტი თითქმის განულდა, წისქვილკომბინატები გაჩერდა, ფერმერი კოტრების პირასაა, რადგან ქართულო ხორბლის, (რომელსაც რაღაც პროცენტულობით ურევდნენ წისქვილები ფქვილის დასამზადებლად)  ჩაბარებაც შეჩერებულია. მალე უნდა დაიწყოს ახალი სეზონის ხვნა-თესვის სამუშაოები და იქამდე, ფერმერები თუ არ გაყიდიან დარჩენილ მოსავალს, ვერ შეძლებენ ფულადი რესურსის მობილიზებას და ვერ დათესავენ მოსავალს მომავალი წლისთვის, ვერ დაფარავენ კრედიტებს, რომელიც მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს.


მეხორბლეების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციებს მთავრობასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატი გამართავს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს, ფერმერთა სათათბიროს ინიციატივით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ოთარ დანელიასა და მარცვლეული კულტურების სექტორის წარმომადგენელ ასოციაციებს შორის, დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელიც ხორბლის იმპორტის შემცირების შედეგად გამოწვეულ საკითხებს ეხებოდა. შეხვედრაზე ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციებმა სამ პუნქტიანი შეთავაზება წარადგინეს,რომელიც მათივე განცხადებით, მისაღები იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი სექტორის და დარგში მომუშავე ფერმერებისთვის.

შეგახსენებთ, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას პურის ფასის შენარჩუნების გარანტია შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, დაწესდეს დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს გაათანაბრებს. მეტ დეტალს გაეცანით აქ ?

Leave a comment