საქართველომ შარშან 192 მლნ კგ ხორცი და ხორცპროდუქტი მოიხმარა. აქედან 148.4 მლნ კგ (ჯამურის 77.3%) იყო ხორცი, ხოლო 43.6 მლნ კგ (ჯამურის 22.7%) ხორცპროდუქტები (სოსისი, სარდელი, ძეხვი და ა.შ.), – ამის შესახებ “გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
ხორცეულიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ფრინველის ხორცზეა, ხოლო შემდეგ ღორისა და საქონლის ხორცზე. 2017-22 წლებში ხორცის მოხმარება საშუალოდ 1.8%-ით, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 3.8%-ით გაიზარდა.
„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, საქართველოში ხორცის მოხმარება წლიურად 6%-ით გაიზარდა 2022 წელს, ხოლო 2017-22 წლებში საშუალოდ 1.8%-ით (CAGR). 2017-22 წლებში ყველაზე მეტად გაიზარდა ღორის (+2.6% CAGR), ხოლო შემდგომ ფრინველის ხორცის (+1.0% CAGR) მოხმარება.
საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ხორცის წლიურმა მოხმარებამ 2022 წელს 39.7კგ შეადგინა, რაც მცირედით აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (34კგ), მნიშვნელოვნად აჭარბებს აფრიკისა (13კგ) და აზიის (26კგ) საშუალო მაჩვენებლებს და ჩამორჩება ევროპისა (63კგ) და ამერიკის ქვეყნების (99კგ ჩრდილოეთ და 61კგ ლათინური ამერიკა) მაჩვენებლებს.
რაც შეეხება პროგნოზს, “გალთ ენდ თაგარტის“ წინასწარი გათვლით, ხორცის მოხმარება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში (2023-27) წლიურად საშუალოდ 5%-ით გაიზრდება, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 8%-ით.
“მოთხოვნის წარმმართველი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარისა და ტურიზმის ზრდა. ხორცის მოხმარების ზრდა საქართველოში ძირითადად დამოკიდებულია მოსახლეობის შემოსავლების და ტურისტების რაოდენობის ზრდაზე და მოსახლეობის კვების ჩვევების ცვლილებაზე,” – ვკითხულობთ კვლევაში.
რაც შეეხება, ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოებას, საქართველოში 2022 წელს ხორცისა და ხორცპროდუქტების რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვამ 395 მლნ ლარი შეადგინა, რომლის 59% ხორცის, ხოლო 41% კვერცხის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებია.
Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, შარშან ხორცის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა 232 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კვერცხის გაყიდვებიდან მიღებულმა 162 მილიონი ლარი, ეს რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია გასულ წლებთან შედარებით, მაგალითად, 2014 წელს კვერცხის რეალიზაციიდან მიღებული თანხა 81 მილიონი ლარი იყო, ხოლო ხორცის გაყიდვებიდან 64 მილიონი.
რაც შეეხება ხორცისა და ხორცპროდუქტების მსხვილი საწარმოების შემოსავლებს, საერთო შემოსავლების 13% “ჩირინაზე” მოდის, 8% “კუმისზე”, 6% “დილაზე”, ასევე 6%-იანი წილი უჭირავს “ნოსტეს”, 4-4%-ს კი “ყვარლის ბაგა”, “აშენდი” და “სავანეთი” იკავებენ, ხოლო დარჩენილი 48% მცირე საწარმოებზე მოდის.
საქართველოში 250 აქტიური საწარმოა რეგისტრირებული, აქედან მხოლოდ 20 მსხვილი და საშუალო კომპანიაა, რომლთა უმეტესობა ფრინველის ხორცს და კვერცხს აწარმოებს.
შეგახსენებთ, 2022 წელს, საქართველომ 67,5 ათასი ტონა ხორცი აწარმოა. პორტალის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხორცი ქვემო ქართლის რეგიონმა აწარმოა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ახალი, სოფლის მეურნეობის პორტალის მიხედვით, გასულ წელს ხორცის წარმოება რეგიონებს შორის ასე გადანაწილდა:
- სამეგრელო -ზემო სავანეთი – 1,9 ათასი ტონა,
- რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 1,9 ათასი ტონა;
- იმერეთი – 11,9 ათასი ტონა;
- გურია – 2,4 ათასი ტონა;
- აჭარა – 1,1 ათასი ტონა;
- შიდა ქართლი – 8,3 ათასი ტონა;
- სამცხე-ჯავახათი – 3,4 ათასი ტონა;
- მცხეთა -მთიანეთი – 2,8 ათასი ტონა;
- თბილისი -0,8 ათასი ტონა;
- ქვემო ქართლი – 18,2 ათასი ტონა;
- კახეთი – 14,8 ათასი ტონა;