საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს.
როგორც “აგრო სიახლეებს” ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციაზე – „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“, სპეციალისტებმა მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის ანგარიშები, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მარილის შემცირების საკომუნიკაციო კამპანია მიმოიხილეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში არაგადამდები, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა. მისივე თქმით, ინიციატივას ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საქართველოში, მაღალი არტერიული წნევა მოსახლეობის, დაახლოებით, 40%-ს აწუხებს. თქვენს ქვეყანაში, მარილის მოხმარება ძალიან მაღალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით – მამაკაცებში. ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დოზაზე ორჯერ მეტია. საქართველოში, მარილის მოხმარება კულტურულ ასპექტებთანაც არის დაკავშირებული. ადამიანები, მარილს საკვების მომზადების პროცესშიც ამატებენ. ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით დიდი პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, ეს ასევე ეხება, ეკონომიკას, საკვებ ინდუსტრიას, ტურიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას და ბევრ სხვა დარგს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პლატფორმის ფარგლებში, მარილის შემცირების სტრატეგიაზე ვიმსჯელეთ“,-განაცხადა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სილვიუ დომენტემ.