Skip to content Skip to footer

სესხების აღება რთულდება – როგორ აისახება ეს სოფელზე, სადაც კრედიტი ვალი კი არა, სამუშაო კაპიტალია

1500 დან 2500 ლარამდე შემოსავლის მქონეებისთვის სესხების აღება გართულდება. საქმე ისაა, რომ თუ აქამდე 1500-2000 ლარის შემოსავლის მქონე ადამიანს შეეძლო შემოსავლის ნახევარი სესხის დასაფარად გადაეხადა, 2027 წლის 1 თებერვლიდან მხოლოდ მეოთხეედის გადახდა შეეძლება, იგივე მოხდება 2000-2500 ლარის შემოსავლის მქონეებისთვის 2027 წლის 1 სექტემბრიდან. ახლა მინდა აგიხსნათ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში, როგორ აისახება ეს თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ჯიბეზე: თუ დღეს 1500 ლარიანი ხელფასით ადამიანს დაახლოებით 21 600 ლარზე ოდნავ მეტი სესხის გამოტანა შეუძლია, ძველი ავტომობილისვის, ბინის კოსმეტიკური რემონტისთვის, სასოფლო სამეურნეო ტექნიკისთვის, ან სათრესი მასალისთვის, ან სულაც ეზოსა და ნაკვეთზე ღობის გასაკეთებლად, გაისად, იმავე შემოსავლით ბანკი მხოლოდ 10 ათას 800 ლარზე ოდნავ მეტს მოგცემთ. ახლა თავად განსაჯეთ რის გაკეთებას შეძლებთ თქვენი ოჯახისთვის ამ სესხით იმ ფასების პირობებში, რაც ბაზარზეა. მოგიწევთ ისწავლოთ როგორ იცხოვროთ განახევრებული კრედიტით იმ რეალობაში სადაც ცხოვრების ღირებულება ყოველდრიურად მხოლოდ იზრდება, ძვირდება.

ქალაქში ეს შეიძლება ნიშნავდეს გადადებულ რემონტს ან ავტომობილის ყიდვას. სოფელში კი სურათი ხშირად ბევრად მძიმეა, რადგან აქ კრედიტი ხშირად ერთადერთი გზაა, რომ ოჯახმა იყიდოს მოტობლოკი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სათესი მასალა, სასუქი, საწვავი, სარწყავი ინვენტარი, პირუტყვი, შეაკეთოს სახურავი, შემოღობოს ნაკვეთი ან უბრალოდ შეიძინოს ძველი ავტომობილი, რომლის გარეშეც ბევრ სოფელში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

ის რომ სოფლად 1500 ლარის შემოსავალი სანატრელია, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ვისაც აქვს იმასაც კი შეუზღუდეს სესხზე წვდომა, გაუნახევრეს ლიმიტი. ამ შემოსავლით გაისად თქვენ ბანკი მხოლოდ 10 800 ლარს მოგცემთ და მოარგეთ ახლა ეს ტანხა სოფლის ფასებს. რა ღირს მცირე ტექნიკა?
რა ღირს საწვავი? სასუქი? თესლი? სამშენებლო მასალა? ღობე? ძველი ავტომობილი? ფასები ხომ არ განახევრებულა? არც სოფლის საჭიროებები შემცირებულა. მეურნეობის ხარჯებიც ხომ არსად გამქრალა?! მაგრამ ფინანსებზე წვდომა მცირდება.

პრობლემა მხოლოდ იმაში არ არის, რომ ადამიანი ნაკლებს ისესხებს. სოფელში ნაკლები კრედიტი შეიძლება ნიშნავდეს დაუმუშავებელ მიწას, ვერ შეძენილ ტექნიკას, გადადებულ სეზონს, გაუკეთებელ ღობეს, შეჩერებულ მცირე მეურნეობას და საბოლოოდ ნაკლებ შემოსავალს იმ ოჯახისთვის, რომელიც ისედაც შეზღუდული რესურსით ცხოვრობს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, სადაც სტაბილური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ნაკლებია, შემოსავალი ხშირად სეზონურია, ხოლო დანაზოგის გაკეთება რთული. ასეთ გარემოში კრედიტი მხოლოდ ვალი აღარ არის. ხშირად ის სამუშაო კაპიტალია. ფული, რომლითაც ადამიანი ხვალინდელ შემოსავალს ქმნის.

არადა მაღალჩინოსნებს პირზე სულ ის აკერიათ რომ ეკონომიკა იზრდება. თუ ეკონომიკა მართლაც ასე სწრაფად იზრდება, რატომ ხდება ფინანსებზე წვდომა უფრო რთული სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც საკუთარი შრომით, მიწითა და მცირე მეურნეობით შემოსავლის გაზრდა სურთ?

სოფელს განახევრებული კრედიტით ვერ გააძლიერებ, ვერც ქალაქს.

ფინანსისტები და ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ სესხებზე წვდომის გართულებით ეროვნული ბანკი ფაქტობრივად აღიარებს, რომ ადამიანებს დღეს ისე არ ულხინთ როგორც ეს ქაღალდზე ციფრებში ჩანს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ესაა ერ. ბანკის აღიარებითი ჩვენება იმაზე, რომ დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდის ტემპი რიგშემთხვევებში სულ გაჩერდა, ზოგ შემთხვევაში კი ხელფასებს ინფლაცია ჭამს. ამიტომაც საზოგადოების კეთილდღეობა ვეღარ უმჯობესდება. სებ-ი სესხის აღების პირობების გამკაცრებას იმით ასაბუთებს, რომ თუ პიტიაის ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის მაქსიმუმ რა ნაწილი შეიძლება მოხმარდეს კრედიტის გადახდას, უცვლელი დარჩება, მეტი ადამიანი გადავა უფრო მაღაშემოსავლიან კატეგორიაში, თუმცა არა რეალურად, არამედ ნომინალური ხელფასით, ანუ სებიმინიმუმ ვარაუდობს, რომ ხელფასების ფორმალური ზრდა სულაც არ ნიშნავს ჩვენი რეალური გადახდისუნარიანობის ზრდას, ანუ საკრედიტო რისკის მინიმალიზებას.

ახლა იმას გეტყვით, საიდან ქრის ეკონომიკური ზრდის სიო. ეკონომისტების შეფასებით, ჩვენი ეკონომიკა რისეთ-უკრაინის ომით ხეირობს. იზრდება დამამუშავებელი მრეწველობა, აიტი, საფინანსო და სადაზღვაო, უძრავი ქონება, ვაჭრობა.. ანუ ის დარგები, რომელიც თქვენ ჯობეზე ნაკლებად აისახება.

რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს რიცხვები აიტი სექტორისა და ნავთობის ვაჭრობიდან, ეს რიგითი მოქალაქეებისთვის არაფერს ნიშნავს. ეს რომ ასე არ იყოს, ამ აყვავებულ ეკონომიკაში საშუალოშემოსავლიანებისთვის, რომლებსაც ლოგიკურად გადახდიუნარიანობა უნდა გაუმჯობესდებოდათ, სესხების აღება რატომ ეზღუდებათ? მოკლედ, მაკროეკონომიკურ ანგარიშებში შეიძლება უამრავი შთამბეჭდავი პროცენტი ვნახოთ, მაგრამ ყველაზე ზუსტ პასუხს კითხვაზე, „რამდენად გავმდიდრდი?“, სტატისტიკის ცხრილში ვერ იპოვით. უტყუარი პასუხი ამ კითხვაზე საკუთარ ჯიბეებსა და მაცივარში დაგხვდებათ.

შენიშვნა: მთავარი ფოტო გენერირებულია AI-ის მიერ.

მასალაში მოისმენთ მევენახე ფერმერის, დავით უტიაშვილისა (საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი) და გოგიტა თოდრაძის (საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი) კომენტარებს.