“დელტას სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. რომ არა ეს მექანიზმი, ზარალი ცალსახად მეტი იქნებოდა,” – ასე აფასებს კახეთში “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების მუშაობის ეფექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე.
მისი მტკიცებით, მაქსიმუმი კეთდება, რაც შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ.
მისივე ცნობით, კლიმატური პირობებისგან თავის დასაცავად საუკეთესო მექანიზმი აგრო დაზღვევაა, თუმცა ზოგიერთი ფერმერები მას ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ვერ იყენებს, სწორედ ამიტომ ისინი ფერმერების სუბსიდირებას აგრძელებენ.
“ძალიან მძაფრ კლიმატურ პირობებში გვიწევს ცხოვრება, წელს ძალიან გააქტიურდა ეს პროცესი. ეს დახმარება, რომელიც 3500 ლარის ფარგლებში მერყეობს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ამ დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მათ საკუთარი ვენახები გადაარჩინონ და ჩვენი კამპანია, რაც აგრო დაზღვევის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გულისხმობს და ვენახის მიმართულებით წელს 50%-დან 70%-მდე გაიზარდა სახელმწიფოს თანამონაწილეობა, ეს გარკვეულ წილად თავის შედეგს იძლევა. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, არ იქნება სწორი, მივატოვოთ ის ადამიანები, რომლებმაც გარკვეული მიზეზის გამო ვერ დააზღვიეს ვენახები”, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.