აგრარულ საკითხთა კომიტეტი თემატური მოკვლევას იწყებს – „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“. ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, წინა კვირას კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კომიტეტი თანხმდება, რომ სოფლის მეურნეობაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან საკმაოდ დაბალია. ამიტომაც აპირებენ, შეისწავლონ დაფინანსების კერძო წყაროების და კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აგროპორტფელი, ასევე გააანალიზონ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ საკრედიტო-საგარანტიო სქემის მუშაობის ეფექტიანობა ფერმერებისთვის.
„ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვიხილავთ ფერმერების და სოფლის მეურნეობის სექტორში მყოფი ადამიანების დაფინანსების ინსტრუმენტებს და საშუალებებს. ყველაზე კარგი პრაქტიკა და ევროკავშირის გამოცდილებაც ამას გვიდასტურებს, არის თავად სახელმწიფოს სუბსიდირების მიზანმიმართული ფორმები – პროგრამა, რომლითაც შეგვიძლია ფერმერებს დავეხმაროთ. თუმცა, სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებს ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერითაც ისარგებლონ,” – ამბობს წილოსანი და დასძენს, რომ თემატური მოკვლევის ფარგლებში განახორციელებენ სოფლის მეურნეობაზე მიმართული ვაჭრობის დაფინანსების წყაროების ანალიზს, ინოვაციური და ალტერნატიული დაფინანსების წყაროებისა და პროდუქტების მოკვლევას და საქართველოს საფინანსო სექტორში მათი დანერგვის სარგებლის განსაზღვრას. ანალიზის შედეგების საფუძველზე შეიმუშავებენ რეკომენდაციებს.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები იქნებიან: ნინო წილოსანი, ქეთევან ჩარკვიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, მიხეილ დაუშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი.