საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლისთვის ტენდერი ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 19 მარტს გამოაცხადა და ექვს დღეში, 25 მარტს, შეწყვიტა. ამ საქმისთვის უწყება მზად იყო 355 ათასი ლარი გადაეხადა, ფასის კლების 5 ათას ლარიანი შესაძლებლობით. ტენდერის მიზანი ტურისა და მგლის პოპულაციების არეალისა და რიცხოვნობის შეფასება, ასევე კლიმატის ცვლილების ფონზე მათი მართვის გეგმების შემუშავება იყო.
სხვათა შორის, ამ ტენდერს საზოგადოების ნაწილი ნიჰილისტურად შეხვდა. მოქალაქეები წერდნენ, რომ ქვეყანაში უმწვავესი ყოფითი პრობლემების ფონზე, მგლისა და ტურების თვლისთვის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვერ უნდა იცლიდეს და მით უმეტეს, ამისთვის სოლიდურ თანხას არ უნდა ხარჯავედეს მაშინ, როცა მოქალაქეებს არსებობისთვის აუცილებელი საკითხები აქვთ მოუგვარებელი.
გაგაცნობთ ამ თემაზე TV 25-ის პოსტის ქვეშ თავმოყრილი კომენტარების ნაწილს:
მოქალაქეების ასეთი დამოკიდებულება გასაგებია. პირველი, მათ ამ საკითხზე უფრო მწვავე პრობლემები აწუხებთ და მეორეც, ასეთი გარემოსდაცვითი და კლიმატური აქტივობების აუცილებლობაზე არავინ ელაპარაკება, ამიტომ ცოტამ თუ იცის, რომ კლიმატური ცვლილების გამო პოპულაციების რიცხვისა და არეალის დასადგენად მუდმივი მონიტორინგი და მათი სწორი მართვა აუცილებელია. ასე ხდება ევროპაში და ამაში არასერიოზული არაფერია. სპეციალისტების მტკიცებით, კარგი იქნება, თუ ამ თემებზე მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები გააქტიურდება.
“ნაკრესის” ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების სპეციალისტი განმარტავს.
რაც შეეხება, ზემოთ ნახსენებ ტენდერს, საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 დეკემბრის №2255 განკარგულების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის გაფორმდა საგრანტო შეთანხმება (SIDA Contribution No 15169) სადაც, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ ერთ-ერთ მიზნად დასახელებულია კონსერვაცია ტერიტორიების მიხედვით და ამ ტენდერით გამოცხადებული საკონსულტაციო მომსახურეობის შესყიდვა სწორედ ამას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, ქვეყანაში მტაცებლების პოპულაციების ზრდის შეფასებას კლიმატის ცვლილების ფონზე და მათი რიცხოვნობის რეგულირებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების და მართვის გეგმის შემუშავებას.
ტენდერის მონაწილე პრეტედენტს ევალებოდა, რომ მომსახურება გაეწია იქ, სადაც ხშირია ცხოველთა თავდასხმები, ან/და შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა; ასევე იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების (ბუნებრივი მსხვერპლი სახეობები) პოპულაციებზე და პოპულაციების მდგომარეობის და სიმჭიდროვის შესახებ და კვლევის შედეგად დაედგინა და დაეზუსტებინა ტურის და მგლის პოპულაციების არეალი, რიცხოვნობა და მათი გავლენა ველურ ბუნებაში არსებულ სხვა სახეობებზე. მოთხოვნილი იყო ბოლო 10 წელიწადში ქვეყანაში ტურის და მგლის რეგულირების ღონისძიებებისა და შედეგების, მათი მოპოვების წლიური კვოტებისა და შესრულების სტატისტიკის ანალიზი. აგრეთვე გაანალიზებული უნდა ყოფილიყო მტაცებელი სახეობების მართვის გამოცდილება ევროპულ ქვეყნებში, პრობლემები, რომლებიც შეიქმნა სახეობის რიცხოვნობის ზრდის გამო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მათი გადაჭრის გზები, მიმდინარე დებატები და პოზიციური კონფლიქტები საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის.
ტენდერში მონაწილეობისთვის მოთხოვნილია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიან გამოცდილება და მინიმუმ ერთი დასრულებული პროექტი ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ტენდერი 25 მარტს შეაჩერეს. მიზეზად „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო SIDA 2022“ პროექტის მენეჯერმა, მერაბ მაჭავარიანმა (2024 წლის 25 მარტის N103/1 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად) ტექნიკური დავალების ფინანსური და ტექსტური სრულყოფა დაასახელა.
„ტენდერის შეჩერებას“ შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუმცა შემსყიდველს კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში, ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
რა მიზეზით შეწყდა ეს კონკრეტული ტენდერი? რატომ ვერ მოხერხდა ტექსტის სრულყოფა ან ფინანსების მობილიზება მის გამოცხადებამდე? რასთან გვაქვს რეალურად საქმე? – ეს თავად შესყიდვის გამომცხადებელ უწყებაში ვიკითხეთ. ველური ბუნების სააგენტომ საკითხის განმარტებისთვის დაფინანსების გამცემ ორგანიზაციაში, შვედეთის მთავრობის ადგილობრივ წარმომადგენლობაში, გაგვგზავნა, არადა, წესით, პასუხების გაცემა სააგენტოში არ უნდა გაჭირვებოდათ, რადგან სახელმწიფო შესყიდვა ტენდერით სწორედ მათ გამოაცხადეს.
რაც შეეხება, დონორის პოზიციას, როგორც “გადავარჩინოთ ბუნება საქართველო SIDA 2022-ის “ პროექტის მენეჯერმა, მერაბ მაჭავარიანმა, აგვიხსნა, შვედეთის მთავრობამ “უცხოური გავლენის გაჭვირვალობის კანონის” გამო საქართველოში დონაცია შეაჩერა და ეს ტენდერიც მათ შორის მოხვდა. შეგახსენებთ, რომ შვედეთის მთავრობამ მიმნდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ საქართველოსთან წყვეტს ყველა სახის პირდაპირ ოფიციალურ თანამშრომლობას. ტენდერი მარტში გამოცხადდა და შვედეთის დაფინანსების უკან გახმობა დროშია აცდენილი. მას შემდეგ რაც ეს ბატონ მერაბს შევახსენეთ, მან ინფორმაცია დაგვიზუსტა და გვითხრა, რომ ტენდერით გამოცხადებული სამუშაოსთვის თანხა არ კმაროდა. ამიტომ ტენდერი შეყდა და ახალი დოკუმენტი გადაეგზავნა “სიდას”, რომელმაც მისი განხილვა გააჭიანურა და პროცესს მოუსწრო “გამჭვირვალობის კანონით” საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილის უკმაყოფილებამაც. პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ გვიხსნის მერაბ მაჭავარიანი, “სიდას” პროექტის მენეჯერი.
მოგვიანებით, მერაბ მაჭავარიანმა ტენდერის შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზი გაიხსენა. “სიდას” პროექტის მენეჯერი ამტკიცებს, რომ ტენდერის 6 დღეში შეწყვეტის მიზეზი არასაკმარისი თანხა და სამუშაოს მასშტაბის გაზრდის სურვილი იყო, რადგან სპეციალისტების ჯგუფმა უფრო ეფექტიანად ჩათვალეს დაფინანსების ზრდის მოთხოვნასთან ერთად ტენდერში ნახსენები ორი სახეობის, ტურისა და მგლის გარდა, დათვლილიყო სხვა მტაცებლებიც, მელაც და დათვიც.
ტენდერის შეწყვეტის მიზეზს ოდნავ სხვაგვარად გვიხსნის კახა არცივაძე. ის ადასტურებს, რომ თანხაც არაპროპორციულად მცირეა შესასრულებელი სამუშაოსთან შედარებით და დროც არაგონივრულად ცოტა იყო შემოთავაზებული, თუმცა ტენდერის მთავარი ხარვეზი, მისი შეფასებით, რის გამოც იძულებულნი გახდნენ ის შეეყვიტათ, არის სატენდერო მოთხოვნების კანონთან შეუსაბამობა.
დავინტერესდით, როგორ ხედავს სამომავლოდ მტაცებლების დათვლის ტექნიკურ შესაძლებლობას მერაბ მაჭავარიანი. მისი თქმით, ამის ორი გზა არსებობს და “სიდას” დაფინანსებით თუ არა, სხვა რესურსის გამონახვა იქნება აუცილებელი ამ კვლევის ჩასატარებლად.
მონადირეების პროცესში ჩართვას გონივრულად მიიჩნევს კახა არცივაძეც. ის ამბობს, რომ სიფრთხიელეა საჭირო გარემოს გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ. ბუნებიდან მტაცებლის ამოსაღები ღონისძიების დასაგეგმად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის სწორ დათვლას. ამიტომაც, არცივაძის თქმით, ამ საქმის ნდობა ყველასთვის არ შეიძლება.
მტაცებელი პოპულაციების მომრავლება-კლებაზე გავლენას კლიმატური ცვლილება ახდენს. სწორედ კლიმატის შესაბამისად გეგმავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ცხოველთა დაცვისა თუ ამოღების ღონისძიებებს. როგორც მერაბ მაჭავარიანი გვეუბნება შეწყვეტილი ტენდერით აპირებდნენ დაედგინათ, როგორ შეცვალა მტაცებლების ქცევა კლიმატის ცვლილებამ. ტენდერი იყო მცდელობა თითოეული პოპულაციისთვის ასეთი კვლევის დოკუმენტი შექმნილიყო.
როგორც კახა არცივაძე გვიხსნის, ბოლო დროს პრობლემური ინდივიდის ბუნებიდან ამოღების მანკიერი პრაქტიკა ცივილური ფორმით შეიცვალა. ახლა მუნიციპალიტეტებს, ცენტრისგან დამოუკიდებლად, შეუძლიათ ცხოველის გაუნებელყოფა. ამისთვის ლიმიტებია დაწესებული. არცივაძის ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში 60-ზე ნაკლები ინდივიდი ამოიღეს, რაც გარემოსდამცველებისთვის იმის მანიშნებელია, რომ მტაცებლების შემოტევა დასახლებულ პუნქტებზე არც ისე მაღალია.
და ბოლოს, კახა არცივაძე “აგრო სიახლეებთან” გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე საზოგადოების სახელით მავნებლობას უწოდებს “რუსულ კანონს” და არც ამჯერად გვზარდება ამის დასაბუთებას.
შეგახსენებთ, ნადრობას ახალი კანონი დაარეგულირებს. საკანონდებლო პაკეტი პარლამენტშია. “აგრო სიახლეებმა” მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომ მოგვეყოლა: რა არის სატროფეო ნადირობა? როგორია, ბრაკონიერობასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა და რას მისცემს მუნიციპალიტეტების ეკონომიკას სათემო მეურნეობები, რომელთა ეკონომიკური ეფექტი დათვლადია. გენდერული ბალანსი და კლიმატის გავლენა სამონაადირეო მეურნეობაზე. მაინც ვინ არის მონადირე?- ცხოველთა სასტიკი მკვლელი თუ კანიბალი ცხოველების გარემოდან ამომღები ტყის მცველი?
გადაცემა სრულად ნახეთ აქ 👇