გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენელს ჟაკ ფლურის და ჯგუფის პარტნიორი კომპანიის MG Law Officce თანადამფუძნებელს არჩილ გიორგაძეს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჟაკ ფლურიმ მინისტრის პირველ მოადგილეს აგროინდუსტრიული ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფრანგულ-ქართული აგროინდიუსტრიული ჯგუფის წევრი შპს „დმანისის მეცხოველეობის“ მიერ დმანისის სოფელ ყარაბულახში გახსნილი ფერმის გაფართოების საკითხს.
„ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფი გეგმავს, საქართველოში, მეცხოველეობის სექტორში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, რაც გულისხმობს დმანისში არსებული ფერმის გაფართოებას და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებას. აღნიშნული მნიშვნელოვანია მესაქონლეობის სექტორში თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშწყობისთვის“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
დმანისის სოფელ ზემო ყარაბულახში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი „დმანისის მეცხოველეობის“ ფერმა ქართულ-ფრანგული ინვესტიციით 2021 წელს გაიხსნა. ამავე წელს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფრანგულ სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მათი ცნობით, მემორანდუმის მიზანია საქართველოში წვრილფეხა მესაქონლეობის დარგის შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსებული პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს და რომლის შედეგების პრეზენტაცია 2023 წლის სექტემბერში იგეგმება. ამასთან ერთად, 2023 წლის ოქტომბერში, საფრანგეთში დაგეგმილია მეცხოველეობის მასშტაბური გამოფენა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
ცნობისთვის, გაეროს პროგნოზით, ხორცის გლობალური მოხმარება 2030 წლისთვის, 2018-2020 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, შესაძლოა, 14%-ით გაიზარდოს.
საქართველომ შარშან 192 მლნ კგ ხორცი და ხორცპროდუქტი მოიხმარა. აქედან 148.4 მლნ კგ (ჯამურის 77.3%) იყო ხორცი, ხოლო 43.6 მლნ კგ (ჯამურის 22.7%) ხორცპროდუქტები (სოსისი, სარდელი, ძეხვი და ა.შ.). ხორცეულიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ფრინველის ხორცზეა, ხოლო შემდეგ ღორისა და საქონლის ხორცზე. 2017-22 წლებში ხორცის მოხმარება საშუალოდ 1.8%-ით, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 3.8%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, მეცხოველეობა სასურსათო უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთ სტრატეგიულ დარგად მიიჩნეევა. რა დონეზეა მესაქონლეობაში მეხორცული და მერძევეული მიმართულებება საქართველოში? წარმოების რა ეტაპზე, რა ნაწილში უჭირს ფერმერს ყველაზე მეტად დღეს? რამდენად დიდია განსხვავება ევროპულ და ქართულ ფერმებს შორის? დეტალები გაიგეთ გადაცემიდან “აგროსიახლეები”. ?