ქართული აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება ეფუძნება საარქივო მასალებს, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობა არსებობდა ჯერ კიდევ ძვ.წ. II საუკუნიდან. მეაბრეშუმეობა ისეთივე ფესვგადგმულია ჩვენს კულტურაში, როგორც ღვინო და თაფლი. მე-19 საუკუნეში 210 000-ზე მეტი ოჯახი იყო ჩართული აბრეშუმის წარმოებაში, ხოლო 1960-იან წლებში საქართველო წლიურად 4-4.5 ათას ტონა აბრეშუმს აწარმოებდა და ამ დარგში მსოფლიო მასშტაბით მეოთხე ადგილს იკავებდა. თუთის ხეების განადგურებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ მძიმე დარტყმა მიაყენა ინდუსტრიას, თუმცა დღეს, ახალი გლობალური ტენდენციების ფონზე, აბრეშუმზე მოთხოვნა ისევ იზრდება. აბრეშუმი ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ღირებულების ბოჭკოა, რომლის ფასი ბამბაზე ოცჯერ მეტია. საქართველო, თავისი კლიმატითა და ტრადიციებით, იდეალურ პირობებს ქმნის მეაბრეშუმეობის აღორძინებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების და სახელმწიფო მხარდაჭერის პირობებში, ამ დარგის აღდგენა არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, არამედ საქართველოს ისტორიულ დიდებას დაუბრუნებს. აბრეშუმის მუზეუმი კი ამ პროცესის კულტურულ სიმბოლოდ რჩება. ქართულ აბრეშუმს მსოფლიო ბაზარზე ყოველთვის მოწინავე ადგილი ეკავა. დღეს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდში დაცულია 70-მდე ქართული და უცხოური ჯიში, მათ შორის მაღალპროდუქტიული „მზიური“, რომლის ძაფისგან დამზადებულმა ქსოვილმა „კრეპ-შიფონმა“ 1998 წელს ესპანეთში „პლატინის ვარსკვლავი“ მოიპოვა. 2015 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს გენოფონდის შენარჩუნებას. ცენტრის წილკნის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ბიოტექნოლოგიური კვლევები და ჯიშების გაუმჯობესება — ეს არის ქართული მეაბრეშუმეობის აღორძინების მთავარი საფუძველი და იმედი.
