საქართველოში მეაბრეშუმეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ისტორიული წყაროების მიხედვით, აბრეშუმის კულტურა ქვეყანაში უკვე V საუკუნეში იყო ცნობილი, ხოლო მისი გავრცელება არაერთი მკვლევრის მიერ მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. საქართველო, როგორც დიდი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი, საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის წარმოებისა და ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი იყო.
მეაბრეშუმეთა ასოციაცია 2024 წელს შეიქმნა და უკვე 2025 წელს მისმა წევრებმა დაახლოებით 80 კილოგრამი აბრეშუმის პარკი აწარმოეს. დღეს ასოციაცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 48 მეაბრეშუმეს აერთიანებს. დარგის წარმომადგენლები თუთის პლანტაციების აღდგენასა და ახალი ნარგაობების გაშენებას ითხოვენ, რადგან სწორედ ეს არის ნედლეულის ბაზის გაფართოებისა და წარმოების ზრდის საფუძველი. ასოციაცია სკოლებს აბრეშუმის ჭიის მურს გადასცემს, რათა მოსწავლეები პრაქტიკულად გაეცნონ დარგს და მისი განვითარებით დაინტერესდნენ.
მეაბრეშუმეები მიიჩნევენ, რომ დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია თანამედროვე ძაფსახვევი და საქსოვი დაზგების შეძენა, რის გამოც მხარდაჭერას სახელმწიფოსგან ელოდებიან. ისინი ასევე კერძო სექტორის დაინტერესების აუცილებლობაზეც საუბრობენ.
დარგის გარშემო უკვე ყალიბდება ღირებულებათა ჯაჭვი, – აბრეშუმის ჭიის მოშენებიდან, პარკისა და ძაფის წარმოებიდან დაწყებული, ხელნაკეთი ნივთების, საბნებისა და სხვადასხვა ტექსტილის შექმნით დასრულებული. სიღნაღში, შინა ბოდბის სახელოსნოში, ქართული აბრეშუმით დამზადებული პროდუქცია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორების მხრიდან, ხოლო ძაფის დართვის მასტერკლასები ტურისტებისთვის დამატებით მიმზიდველ გამოცდილებად იქცა.
მეაბრეშუმეობის განვითარებას მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალიც აქვს. თუ დღეს საქართველო წარმატებით ავითარებს ღვინის გზას და ეტაპობრივად ყალიბდება ჩაის გზაც, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მომავალში აბრეშუმის გზის ტურისტული მიმართულების შექმნაც შესაძლებელია.
„ქართული აბრეშუმი“ 2018 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით აღიარეს, რაც მის განსაკუთრებულ ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
მეაბრეშუმეობა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას ქმნის, ხელს უწყობს მცირე მეწარმეობის განვითარებასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. დარგის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საზოგადოების მხარდაჭერით ქართული აბრეშუმი შეძლებს ძველი დიდების დაბრუნებას და კვლავ იქცევა იმ ბრენდად, რომლითაც საქართველო მსოფლიოს წინაშე იამაყებს.