ჟურნალში Science (Volume 379, Issue 6635). გამოქყნდა Dual domestications and origin of traits in grapevine evolution, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება სამხრეთ კავკასიის უმთავრესი როლი მეღვინეობისთვის გამოსადეგი ყურძნის/ვაზის გაკულტურებაში, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ აღმოჩენას ღვინის უძველესი კვალის შესახებ.
კვლევის 89 ავტორიდან 4 ავტორი ქართველია.
16 ქვეყნის 23 სამეცნიერო დაწესებულებაში დაცული 3523 კულტურული და ველური ვაზის 2448 გენომის შესწავლისა და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობის შედეგად ავტორები ასკვნიან, რომ 500 ათასი წლის წინ, გამყინვარებისას ველური ვაზი (Vitis vinifera subsp. sylvestris) ორ ეკოტიპად – აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკოტიპებად გაიყო.
საერთაშორისო კვლევის მიხედვით, უკანასკნელი გლობალური დათბობისას აღმოსავლეთ ეკოტიპი გაკულტურებისას ორ ჯგუფად გაიყო, ანუ ევრაზიაში ველური ვაზის გაკულტურების ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კერა გამოიყო: სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი. და ეს ყველაფერი დაახ. 11 500 წლის წინ მოხდა.
ვაზის გაკულტურების ეს ორი, ერთმანეთის თანადროული კერა, ახლო აღმოსავლეთი და კავკასია, ერთმანეთისგან 1 000 კმ-ით არის დაშორებული.
სამხრეთ კავკასიაში ვაზის გაკულტურების შედეგი არის უძველესი ღვინის კვალი (დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე), ხოლო ახლო აღმოსავლეთში გაკულტურებული ვაზი, რომელიც საჭმელ ყურძნად გამოიყენებოდა, დასავლეთ ევროპაში მოხვედრის შემდეგ მეღვინეობის საწყისად იქცა.
ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, სამხრეთ კავკასიაში გაკულტურებული ვაზი ნაკლებად გავრცელდა შორ მანძილზე და შეინარჩუნა ის თვისება, ყველა სადღეგრძელოში რომ ახსენებენ ქართველები – „თვითმყოფადობა“.
ეს თარიღები გაცილებით ადრეულია, ვიდრე დღემდე მოპოვებული ყველა არქეოლოგიური ეკო თუ არტეფაქტი, ამიტომ წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.