პიროტექნიკის გამოყენება განსაკუთრებით საზიანოა ცხოველებისთვის. მათის მოულოდნელი აფეთქება და ხმაური სტრესულია, რამაც შეიძლება მაშინვე ან მოგვიანებით სხვადასხვა დაავადებაში იჩინოს თავი.
განსაკუთრებით ამ დროს ქუჩის ცხოველებსა და ზოოპარკის ბინადრებს უჭირთ. აფეთქებების დროს ცხოველები იწყებენ ვოლიერში სირბილს. ამ დროს შეიძლება დაეჯახონ ბარიერს და დაიზიანონ სხეული, ან ერთმანეთი გადათელონ.
ყოველწლიურად სადღესასწაულო ფოიერვერკებსა და პეტარდებს არა მხოლოდ ცა, არამედ მიწაც ეწირება. ის, რაც ადამიანისთვის რამდენიმე წამით ლამაზ სანახაობად გამოიყურება, ასობით ცხოველისა და ფრინველისთვის შიშის, ტკივილისა და სიკვდილის მიზეზი ხდება.
ძლიერი აფეთქებების დროს ცხოველები პანიკაში ვარდებიან, უეცრად წყდებიან ადგილიდან, წყვეტენ ღვედებს, გარბიან უგზო-უკვლოდ და ხშირად მანქანებს ეჯახებიან. ბევრს გული უსკდება შიშისგან. ფოტოზე შეიძლება მხოლოდ ერთი ძაღლი ჩანდეს, მაგრამ რეალობაში ასეთები ათასობით არიან.
ფრინველებისთვის ფოიერვერკი განსაკუთრებით დამღუპველია. ღამის სიჩუმეში აფეთქებები მათ დეზორიენტაციას იწვევს — ისინი პანიკურად ტოვებენ ბუდეებს, ქაოტურად ფრინდებიან, ეჯახებიან შენობებსა და ხეებს. ბევრი მაშინვე იღუპება, ზოგი კი გადარჩენის შემდეგ ბუდეებსა და ბარტყებს აღარ უბრუნდება. გადარჩენილი ფრინველები ხშირად ენერგიას კარგავენ, უმიზნოდ მიფრინავენ და საბოლოოდ მაინც იღუპებიან, განსაკუთრებით ზღვისპირა დასახლებებში.
ფოიერვერკი აზიანებს გარემოსაც. მისი ფერები ქიმიური ნივთიერებების შედეგია — ლითიუმისა და ნატრიუმის მარილები აფეთქებისას ჰაერში გამოყოფენ მავნე გაზებს, ხოლო მეტალის ნაწილაკები რჩება ნიადაგში, ჰაერსა და წყალში, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობასა და ბიომრავალფეროვნებას. იზრდება ტყის ხანძრების რისკიც.
გართობას არ უნდა ჰქონდეს სიცოცხლის ფასი. ბიომრავალფეროვნებაა ის დღესასწაული, რომელსაც ნამდვილად უნდა ვუფრთხილდებოდეთ. ნუ გამოიყენებთ პიროტექნიკას.
პიროტექნიკასთან დაკავშირებული ხმაური ცხოველებში დიდ სტრესს იწვევს, ხოლო ფრინველები ვერ უმკლავდებიან ამ შიშს და კვდებიან. ცალკე საკითხია ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი, რაც საახალწლოდ პიროტექნიკის მასიურ გამოყენებას უკავშირდება.
როგორც ძაღლების ფსიქოლოგები ამბობენ, ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისია შიშის დაძლევა, რასაც ცხოველები ძნელად უმკლავდებიან და პროფესიონალის დახმარებას საჭიროებენ.
პიროტექნიკის და ერთჯერადი ასაფეთქებლების გამოყენება ზიანს აყენებს და ხშირად სიკვდილამდეც კი მიჰყავს ცხოველები და ფრინველები. საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ზიანდებიან მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც თავშესაფრის გარეშე არიან ღია ცის ქვეშ. ამ დროს, იმატებს შინაური ცხოველების დაკარგვის ფაქტებიც.
