Skip to content Skip to footer

ყინულის დნობის შედეგად მიღებული დანაკარგი ყოველ წამში სამი ოლიმპიური საცურაო აუზის შევსებას შეძლებს – კვლევა

2000-დან 2023 წლამდე დედამიწის მყინვარებმა ყოველწლიურად 300 მილიარდი ტონა ყინულსი დაკარგეს. თუ ამას ათასწლეულის დასაწყისში არსებულ მოცულობას შევადარებთ, იგი 5%-ით შემცირებული გამოვა! უკეთ რომ წარმოიდგინოთ, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) მიხედვით, ყინულის დნობის შედეგად მიღებული დანაკარგი ყოველ წამში სამი ოლიმპიური საცურაო აუზის შევსებას შეძლებს. გამომწვევი მიზეზი გლობალური დათბობაა, რომელსაც, თავის მხრივ, სათბურის ემისიები ასტიმულირებს.

როგორც კვლევის წამყვანი ავტორი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი და World Glacier Monitoring Service-ის ხელმძღვანელი, მაიკლა ზემპი, აცხადებს, მყინვარების უდიდესი დანაკარგები, 40%-იანი კლება, ფიქსირება ევროპის ალპებსა და პირენეს მთებში. უფრო მეტიც, მხოლოდ 2 წელიწადში ევროპის ალპების მყინვარებმა ყინულის მასის 10% დაკარგა.

კვლევის ფარგლებში მკვლევრებმა სატელიტური მონაცემებიც გამოიყენეს და ყველა მყინვარი პირდაპირ გაზომეს, გარდა გრენლანდიასა და ანტარქტიდის რეგიონებისა. 20 წელზე დიდი პერიოდის მონაცემების გაანალიზების შედეგად, ამბობენ, რომ მყინვარის დნობის მაჩვენებლები რეგიონიდან რეგიონამდე მნიშვნელოვნად განსხვავდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალპებსა და პირენეს მთებში დნობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია, ხოლო ციურიხის უნივერსიტეტის თანახმად, ყველაზე დაბალ მაჩვენებელს სუბანტარქტიკულ კუნძულებზე ვხვდებით, სადაც ყინულის დანაკარგი 2%-ს უდრის. 

კვლევის პირველ პერიოდში, 2000-დან 2011 წლამდე, ყინულის ნდობის მაჩვენებელი 36%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე ნახევარში, ანუ 2012-2023 წლებში, მაჩვენებელი კვლავ ზრდას განაგრძობს.

რა პრობლემას ქმნის ყინულის დნობა?

ყინულის დნობა წყლის დონის მატებას იწვევს და სწორედ ამის შედეგად გლობალურად ზღვის დონემ 18 მილიმეტრით მოიმატა.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყინულები დასალევი წყლის წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობებისთვის ცენტრალურ აზიასა და ანდებში.

ამგვარად, 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში მსოფლიოს მასშტაბით ყინულების რაოდენობა 5%-ით შემცირდა, რაც მეცნიერებს სამომავლო პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს — ამბობენ, რომ 2100 წლისთვის დარჩენილი მყინვარების 25% დადნება, მაშინაც კი თუ სათბურის ემისიებს შევამცირებთ!

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.