კახეთი ვენახებთან ასოცირდება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აქ დიდი და პატარა ვაზზე ფიქრობს. 18 წლის დაჩი ღონღაძემ, 17 წლის ანა გაბიტაშვილმა და 16 წლის ლიზი ხვთისიაშვილმა ვაზის შეწამვლის ჭკვიანი ტექნოლოგია გურჯაანის ტექნოპარკის ბაზაზე შექმნეს. საკუთარი გამოგონების პროტოტიპი ახალგაზრდებს უკვე მზად აქვთ.
როგორც ისინი “აგრო სიახლეებს” უხსნიან, ტექნოლოგიას მევენახე ფერმერებისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, შრომისა და ჯაფის შემსუბუქებაა, რადგან ხელით შრომა ავტომატური სისტემით ჩანაცვლდება. მეორე გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური კომპონენტია: ტექნოლოგია უზრუნველყოფს მცენარეს ზუსტი დოზირებით და თანაბარი დასხურებით მიაწოდის შესაწამლი პრეპარატი, რაც, ერთი მხრივ, ამცირებს ჰაერში წამლის ფუჭად გაფრქვევის ალბათობას, მეორე მხრივ, ფერმერს ეზოგება ხარჯიც.
შესაძლებელია მოწყობილობის დისტანციური მართვაც.
პროტოტიპის შექმნისას ახალგაზრდები კონსულტაცოებს გადიოდნენ აგრონომებთან და ტექნოლოგიურ სისტემას ხვეწდნენ. შეისწავლეს ბაზარი და ფერმერებთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია იმის დასადგენად, არის თუ არა მოთხოვნა ამგვარ ტექნოლოგიაზე.
რაც შეეხება, ფინანსურ მხარეს, სტარტაპერები მის ხარჯთეფექტურობაში დარწმუნებულნი არიან და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ქართველ მევენახეს ამ ტექნოლოგიაზე უარის თქმა გაუჭირდება, თუმცა მანამ, სანამ ბაზარს ამ დანადგარს შესთავაზებენ, ბევრი უნდა იმუშაონ.
ამ ეტაპზე ახალგაზრდა გამომგონებლების უპირველესი საზრუნავი გამოგონების სრულყოფის ბოლო ფაზის წარმატებით დასრულებაა, რის შემდეგაც პატენტირების ეტაპზე გადავლენ. გამოგონების დაპატენტების შემდეგ აპირებენ იფიქრონ ბრენდირებაზეც და უფრო კონკრეტული ბიზნესგეგმის შემუშავებაზეც, თუმცა, მანამდე ინვესტორებთან მუშაობასაც გეგმავენ და აპირებენ საგრანტო პროექტებშიც მონაწილეობას, დაფინანსების მოსაპოვებლად.