Skip to content Skip to footer

“შეღავათიან აგროკრედიტში” პროცენტის დაფინანსება მცირდება

ერთი მხრივ, 8 მილიარდი ლარის აგროკრედიტი, 1.8 მილიარდი ლარის სახელმწიფო სუბსიდია და, მეორე მხრივ, შემცირებული ნათესი ფართობები, კლებადი აგროწარმოება და მაღალი აგროიმპორტი. რატომ ვერ გახდა ქართული სოფლის მეურნეობა თვითკმარი და რას შეცვლის აგროკრედიტის ახალი წესები? ვინ მიიღებდა რეალურად დაფინანსებას და ხომ არ გაიზრდება ბიუროკრატია ახალი მოდელის პირობებში? – ესაა კითხვები რომლებსაც ფერმერები და აგროექსპერტები სვამენ.

საქმე ისაა, რომ 2013 წლიდან დღემდე, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობაში თითქმის 8 მილიარდი ლარის სესხი გაიცა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპროცენტო სუბსიდირებაზე დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარი დაიხარჯა. პროგრამა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აგროპროექტად ითვლება და ათიათასობით ფერმერსა და აგრობიზნესს შეეხო, არ უქმდება, თუმცა მისი მუშაობის წესი უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვლება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველი ივლისიდან აგროდაფინანსება ახალი მოდელით გაგრძელდება. იცვლება როგორც დაფინანსების მექანიზმი, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესი. თუ აქამდე მთავარი როლი ბანკებს ეკუთვნოდათ, ახალი სისტემით ბიზნესგეგმების შეფასებაში სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთვება.

განახლებული წესის მიხედვით, ბენეფიციარებს პირველ ეტაპზე სამინისტროსთან “არსებული სააგენტოს გავლა”შემოწმების” გავლა მოუწევთ. ფერმერებმა და აგრობიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარადგინონ ბიზნესგეგმა, გაიარონ შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართონ ბანკს დაფინანსებისთვის.

იცვლება ფინანსური პირობებიც: თუ აქამდე სახელმწიფო სესხის პროცენტის 11 პროცენტს 48 თვის განმავლობაში აფინანსებდა, ახალი წესით სუბსიდირება 8 პროცენტი იქნება და 36 თვემდე შემცირდება.

ფერმერებისთვის აგროდაფინანსების წესები იცვლება. თუ აქამდე ფერმერების ბიზნესგეგმებს ბანკები აფასებდნენ, ახლა პროცესში სახელმწიფო ერთვება. კარგია თუ ცუდია ეს?

აგროდაფინანსების ახალი მოდელი: სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება თუ ბიუროკრატიის ზრდა?