ბანკში რიგში დგომა, საჯარო სერვისების ოფისებში სიარული და გაურკვეველი ფორმები ბევრისთვის ყოველდღიური რეალობაა. თუმცა, მაშინ, როცა სერვისების დიდი ნაწილი უკვე ერთ ღილაკზე დაჭერით არის ხელმისაწვდომი, მოქალაქეების ნაწილი ციფრულ სივრცეში თავს მაინც დაუცველად გრძნობს.
სწორედ ამ მიზნით, ხობსა და ფოთში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ჯგუფი სახელად „ციფრული ელჩების პროგრამა“. ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები დაინტერესებულ პირებს ციფრულ სამყაროში ორიენტირებასა და სწავლაში ეხმარებიან.
როგორც პროექტის მენეჯერი ანა გვენეტაძე გვეუბნება, პროექტის ფარგლებში 16–21 წლის ასაკის 52 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას პრაქტიკულ ცოდნას უზიარებენ და აჩვენებენ, როგორ მიიღონ სახელმწიფო და კერძო სერვისები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, ციფრული ელჩები მუშაობდნენ სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან — მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, პენსიონერებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. მონაწილეთა 70% მასწავლებლები და მოსწავლეები იყვნენ, ხოლო 20% — ხანდაზმულები და პენსიონერები. პროგრამაში ჩართულთა 75% ქალები იყვნენ, მათ შორის ორი შშმ პირი.

პროგრამის მონაწილეები ამბობენ, რომ შეხვედრების შემდეგ მათ მნიშვნელოვნად გაეზარდათ თავდაჯერებულობა და ახლა უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ ციფრული სერვისების გამოყენება — იქნება ეს მობილური ბანკინგი, ციფრული პირადობა თუ სახელმწიფო ელექტრონული პლატფორმები.
ციფრულ ელჩებს შორის იყვნენ ლიზი ლოლუა და თეკლე კვარაცხელია, რომლებმაც თემის სხვადასხვა ჯგუფისთვის 11 საინფორმაციო და პრაქტიკული შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდებმა მოქალაქეებს ეტაპობრივად აჩვენეს, როგორ გამოიყენონ ონლაინ სერვისები ფიზიკურ ოფისებში მისვლის გარეშე. შედეგად, მათივე თქმით, 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
ნინო გვასალია და ნინი ბიგვავაც ციფრული განათლების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მათ ოთხი სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს მობილური ბანკინგის აპლიკაციების, ციფრული პირადობისა და მიწის რეესტრის სერვისების თემებზე. შეხვედრებს 100-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო.

პუბლიკაცია შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. ორგანიზატორების თქმით, პროგრამის მიზანია ციფრული წიგნიერების ამაღლება და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა, ასევე როგორც კერძო, ისე საჯარო ელექტრონული სერვისების შესახებ ცნობიერების ზრდა. ინიციატივა ემსახურება საზოგადოებაში აღნიშნული სერვისების ფართო გავრცელებასა და აქტიურ გამოყენებას, რაც ხელს უწყობს მწვანე ტრანზიციასა და მდგრადი განვითარების პროცესს.
