დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში კარანტინი ამოქმედდა. მიზეზი მსხვილფეხა საქონელში ცოფის ორი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. 17 სექტემბერს დმანისის სოფელ განახლებაში ორ მსხვილფეხა საქონელს ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ცხოველებს დაკბენის ხილული კვალი არ ჰქონდათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კარანტინის პარალელურად ამ ზონაში ტარდებბა ვაქცინაცია, დეზინფექცია, შეზღუდულია გადაადგილება, დაწყებულია ეპიდემიოლოგიური მოკვლევა, დაწესდება მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობაც.
რადგან დაავადებულ ცხოველებს დაკბენის ხილული კვალი არ აღენიშნებოდათ, არავინ იცის, საიდან მოხვდა ინფექცია ფერმაში და რა იყო ვირუსის წყარო. ვიცით, რპმ ცოფის ვირუსი ძირითადად დაავადებული ცხოველის ნერწყვით გადადის. ყველაზე გავრცელებული გზა დაკბენა ან დაკაწვრაა, თუმცა ვირუსის ორგანიზმში მოხვედრა შესაძლებელია ინფიცირებული ნერწყვის დაზიანებულ კანთან ან ლორწოვან გარსთან კონტაქტითაც. შესაბამისად, დაკბენის ხილული კვალის არარსებობა ინფიცირების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
დმანისის შემთხვევა წელს ცოფის პირველი არ არის. მარტში დედოფლისწყაროში ცოფი ასევე მსხვილფეხა საქონელს დაუდასტურდა. ინფიცირებულ პუნქტსა და მის გარშემო სამი კილომეტრის რადიუსში მაშინ კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტში დაავადების ამთვისებელი 4 500 ცხოველი აიცრა.
ცოფის გავრცელების ჯაჭვში განსაკუთრებული მნიშვნელობა გარეულ ცხოველებსაც აქვთ. მელა, ტურა და მგელი ვირუსის ბუნებრივ რეზერვუარებს შორის არიან და შესაძლოა ინფექცია ბუნებრივი გარემოდან დასახლებულ პუნქტებში, მიუსაფარ ძაღლებში ან პირდაპირ ფერმის ცხოველებში გადაიტანონ.
გარეულ ცხოველებში ცოფის პრევენციის ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული საერთაშორისო მეთოდი ე.წ. ორალური ვაქცინაციაა. ამისთვის გამოიყენება სპეციალური საკვები სატყუარა, რომლის შიგნით ვაქცინის დოზაა მოთავსებული. ცხოველის მიერ სატყუარის მიღებისას ვაქცინა პირის ღრუს ლორწოვანთან კონტაქტში შედის და ორგანიზმში იმუნურ პასუხს წარმოქმნის.
მსგავსი სატყუარები დიდ ტერიტორიებზე შეიძლება გავრცელდეს როგორც ხელით, ისე სპეციალური ავიაციის საშუალებით. ევროპის ქვეყნებში ასეთი კამპანიები ხშირად წელიწადში ორჯერ — გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება. მხოლოდ სატყუარების განთავსება საკმარისი არ არის: პარალელურად აუცილებელია გარეული ცხოველების მუდმივი მონიტორინგი, მკვდარი ან საეჭვო ცხოველების ლაბორატორიული კვლევა და იმის შეფასება, რამდენად ეფექტიანად მოიცვა ვაქცინაციამ სამიზნე პოპულაცია.
სწორედ ორალური ვაქცინაციის ფართომასშტაბიანი პროგრამები გახდა ევროპის არაერთ ქვეყანაში მელიებში გავრცელებული ცოფის მნიშვნელოვნად შემცირებისა და ზოგიერთ ტერიტორიაზე მისი აღმოფხვრის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.
საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გარეული მტაცებელი შეიძლება გახდეს დამაკავშირებელი რგოლი ბუნებრივ გარემოს, მიუსაფარ ძაღლებსა და შინაურ პირუტყვს შორის. ინფიცირებულმა მელამ ან ტურამ შეიძლება დაკარგოს ადამიანის მიმართ ბუნებრივი შიში, მიუახლოვდეს სოფელს და კონტაქტი ჰქონდეს როგორც ძაღლთან, ისე უშუალოდ ფერმის ცხოველებთან.
საქართველოს კანონმდებლობაში გარეული ხორცისმჭამელი ცხოველების ორალური ვაქცინაციაც იყო გათვალისწინებული ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებად. თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში ვერ მოვიძიეთ განახლებული მონაცემები, ტარდება თუ არა ამჟამად საქართველოში ასეთი ვაქცინაცია, რა ტერიტორიებს მოიცავს, რამდენი სატყუარა გამოიყენება და როგორ ფასდება პროგრამის ეფექტიანობა.
ასევე ვერ მოვიძიეთ ერთიანად განახლებული საჯარო მონაცემები, რამდენი ლაბორატორიულად დადასტურებული ცოფის შემთხვევაა 2026 წელს საქართველოში, რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ისინი და როგორ ნაწილდება შემთხვევები შინაურ და გარეულ ცხოველებზე.
ეს მონაცემები საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ცოფის ახალი კერები ფიქსირდება. მსგავსი ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროაქტიულად და რეგულარულად უნდა განაახლოს, რათა საზოგადოებას, ფერმერებსა და სპეციალისტებს დაავადების გავრცელების რეალური სურათის შეფასება შეეძლოთ. ვინაიდან აღნიშნული მონაცემები საჯარო წყაროებში სრულად ვერ მოვიძიეთ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი კითხვებით მივმართეთ. სააგენტოს პასუხების მიღებისთანავე მასალას განვაახლებთ.
