Skip to content Skip to footer

ცუცხვათის მღვიმეში ნეანდერტალელის მესამე კბილი აღმოაჩინეს – აგროგარემოს AI ია

14 ნოემბერს საზოგადოებას მეცნიერებმა ნეანდერტალელის მესამე კბილის პოვნაზე აუწყეს. ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათის მღვიმეში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნეანდერტალელის 500 საუკუნის წინანდელი კბილი აღმოაჩინა, თუმცა, ეს მღვიმური სისტემა, რომელსაც ადგილობრივები “მაღარას” ეძახიან, აქამდეც აოცებდა მსოფლიო მეცნიერებას. ეს ცუცხვათის მღვიმეში აღმოჩენილი მესამე კბილია. მსგავსი აღმოჩენა ამავე არეალში 2018 წელსაც დაფიქსირდა. აქვეა აღმოჩენილი ნეანდერტალელი ბავშვის პირველი კბილიც, რომელიც ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით, 50 000 წლით თარიღდება. სავარაუდოა, რომ ეს არეალი ნეანდერტალელებს 90 ათასი წლის წინათ ჰქონდათ ათვისებული. გამოდის რომ პირველი ცუცხვათელი იყო დაახლოებით 160 სმ-მდე სიმაღლის, ჯმუხი, ფართო მკერდისა და ძლიერი კუნთების მქონე ადამიანი გადმოწეული შუბლით, გრძელი მკლავებით, ბრტყელი ტერფითა და ძლიერი ყბებით. ნეანდერტალელთა მიერ ცეცხლის გამოყენების მტკიცებულებებთან ერთად, ცუცხვათის მღვიმის ტერიტორიაზე ადრეული შუა საუკუნეების უნიკალურ სამარხში აღმოჩენილია საკინძები, თავსაბურავის ფრაგმენტები, ბეჭდები და სხვა ნივთები. არქეოლოგიური ექსპედიცია ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსს, 2016 წლიდან იკვლევს. აქ ასევე აღმოჩენიულია შუა პალეოლითის ქვის იარაღები და ძვლები. ნეანდერტალელები, როგორც წესი, ძირითადად მღვიმეებსა და კლდეებში ცხოვრობდნენ მცირე ჯგუფებად. იცოდნენ ცეცხლის დანთება, იარაღს ქვისგან ამზადებდნენ, ნადირობდნენ ნადირ-ფრინველზე. მიცვალებულებს მარხავდნენ პატივისცემით, ამზადებდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და იყენებდნენ ტანისამოსს — არქეოლოგიურად აღმოჩენილი ნემსი ამის დადასტურებაა. ხორვატიაში ნაპოვნმა არწივის კლანჭის სამკაულები მათ ესთეტიკურ გემოვნებაშიც გვარწმუნებს. იმედია, ცუცხვათელი ნეანდერტალელის ცხოვრებაზე არქეოლოგიური გათხრები მომავალში კიდევ ბევრს გვაუწყებს.